ელმავალმშენებელი ქარხანა 19.5 მილიონ ლარად გაიყიდა, რაც პირვანდელ ღირებულებასთან, 97.6 მილიონ ლართან შედარებით 80%-ით ნაკლებია. აუქციონზე თბილისში, გურამიშვილის გამზირზე არსებული 22 ჰექტარის უძრავი ქონება და ქარხნის მანქანა-დანადგარები გასხვისდა.

ობიექტის შეძენის სურვილი სამმა სუბიექტმა დააფიქსირა და საბოლოოდ „ელმავალმშენებელი“ 19 524 410 ლარად გაიყიდა, თუმცა ვინ იყიდა აქტივები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „თბილის ტრანსფერი“ მზად იყო ქარხნისთვის პროფილი შეენარჩუნებინა, ინვესტიცია ჩაედო და ყველა დავალიანება დაეფარა, ქარხანა მაინც გასხვისდა.

პარალელურად, აუქციონამდე ერთი დღით ადრე, 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ელმავალმშენებელ ქარხანასთან დაკავშირებით, შპს „თბილისი ტრანსფერის“ სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ შპს „თბილისი ტრანსფერის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიასა და Loko Trans Company LTD (ლოკო ტრანს კომპანის) შორის, 2022 წლის 16 მარტს დადებული აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1, ფასიანი ქაღალდების რეესტრში დაარეგისტრირა. გადაწყვეტილების შედეგად შპს „თბილისი ტრანსფერი“ გახდა სს ელმავალმშენებლის აქციათა 87% მესაკუთრე.

კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აუქციონის ასეთი სახით ჩატარება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და კორუფციაზე მიუთითებს. მისი თქმით,  ახალი კომპანია საქმიანობის გაგრძელებას და ელმავლების წარმოებას ვერ შეძლებს, თუმცა ალბათ ამის სურვილი არც აქვს, რადგან ჭითანავას ინფორმაციით, ახალი გასაიდუმლოებული მფლობელი ქარხნის ადგილას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

„ყველანაირად ხელს გვიშლიდნენ თავიდანვე, რომ არ შეგვეძინა ეს ქონება. აუქციონი აქამდე ვერ ტარდებოდა იმის გამო რომ ქონებას ძიების გამო ყადაღა ედო, რაც ფაქტობრივად გაუგებარ მდგომარეობაში მოიხსნა, რის შემდეგაც აუქციონზე  გაიტანეს. აუქციონი დანაშაულებრივად მიგვაჩნია, რადგან ელმავალმშენებელ ქარხანას „საქართველოს ბანკის” მიმართ მხოლოდ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს,  ჩვენ მზად ვიყავით ყველა დავალიანება დაგვეფარა იმდღესვე, ბანკს ამის შესახებ ვაცნობეთ, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა ისე გაყიდეს ძალიან დაბალ ფასად ქონება. შედეგად ვიზარალეთ როგორც ჩვენ აქციონერებმა, რომლებსაც 87% გვეკუთვნის, ასევე სახელმწიფომ, რადგან მათ მფლობელობაში 12%-ია. გამოდის რომ ბიზნესს და სახელმწიფოს 87 მლნ ლარის ქონება წაგვართვეს, ასევე არ ვეთახმებით შეფასებას, რადგან ქონება მინიმუმ 147 მლნ ლარისაა და აქაც რაღაც დანაშაულებრივ სქემასთან გვაქვს საქმე.

ჩვენი ინფორმაციით, ელვამალმშენებლის ადგილას ახალი კომპანია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, ამაში ჩართულია სახელმწიფო სტრუქტურებიც რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ყველასთვის ცნობილია, რომ ახალი კომპანია ვერ შეძლებს ელმავლების წარმოებას, რადგან ამისთვის ჩვენი თანხმობაა საჭირო. მოვუწოდებ ახალ კომპანიას როგორმე გამოვიდეს ამ შეთანხმებიდან, ჩვენ ვიწყებთ დავას სასამართლოში, რადგან ვთვლით რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან“, — ამბობს ირაკლი ჭითანავა.

თავდაპირველად 9 მარტს ჩანიშნულ აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 48 811 025 ლარს შეადგენდა თუმცა ინტერესი არავის დაუფიქსირებია და ობიექტი არ გაყიდულა, გუშინ ჩანიშნულ აუქციონზე კი საწარმოს ფასმა 4 881 102.50 ლარი შეადგინა. 

commersant.ge