რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში? – თიბისი კაპიტა...
ინფორმაციისა და
კომუნიკაციის სექტორმა (ICT),
რომელიც გასულ წელს
ეკონომიკური ზრდის
მთავარი კომპონენტი იყო,
დომინანტური როლი
მიმდინარე წლის პირველ
ნახევარშიც შეინარჩუნა - ამ
სექტორზე საბაზისო
ფასებში გამოსახული
რეალური მშპ-ის ზრდის
თითქმის 29% მოდის; ორჯერ
მეტი, ვიდრე სიდიდით
მომდევნო სექტორის
წილი.აღსანიშნავია, რომ
ზრდის კომპონენტები
საანალიზო მაჩვენებლის
მიხედვით საკმაოდ
განსხვავდება.
შედარებისთვის,
ეკონომიკის მთლიანი
გამოშვება დაახლოებით 12%-ით,
ხოლო ნომინალური მშპ
დაახლოებით 11%-ით გაიზარდა,
სხვადასხვა სექტორის
ხარჯზე. კერძოდ, თუკი,
სასაქონლო ექსპორტის
მკვეთრი ზრდის ფონზე,
სამთომოპოვებითმა და
დამამუშავებელმა
მრეწველობამ გამოშვების
ზრდის 30% უზრუნველყო, მათი
წილი ნომინალური მშპ-ის
ზრდაში მხოლოდ 10%, ხოლო
რეალური მშპ-ის ზრდაში 6%-ზე
ნაკლები იყო. საპირისპიროდ,
ჯამურად მომსახურების
სექტორებზე რეალური
ეკონომიკური ზრდის
დაახლოებით 96% მოდის,
მიუხედავად იმისა, რომ
მთლიანი გამოშვების
ზრდაში მათი წილი 66%-ს
შეადგენდა. ამასთან, სოფლის
მეურნეობამ და
მშენებლობამ ეკონომიკურ
ზრდაში უარყოფითი წვლილი
შეიტანა.ამრიგად, ეროვნული
ანგარიშების მონაცემები
თანხვედრაშია
ბიზნესსექტორის
მონაცემებზე დაყრდნობით
ჩვენს წინა პუბლიკაციაში
გაკეთებულ დასკვნებთან:
სასაქონლო პროდუქციის
ექსპორტთან
დაკავშირებულმა
საქმიანობამ ეკონომიკის
გამოშვება მნიშვნელოვნად
გაზარდა, თუმცა შუალედური
მოხმარების მაღალი წილის
გამო ამ ზრდის მხოლოდ მცირე
ნაწილი აისახა ადგილობრივ
დამატებულ ღირებულებაში.
ამასთან, თავად დამატებული
ღირებულების ზრდის
საგრძნობი ნაწილი ფასების
ზრდას
უკავშირდებოდა.საგარეო
ვაჭრობის მონაცემები
დამატებით ნიუანსზეც
მიუთითებს: მართალია,
ექსპორტის ზრდაში წამყვან
როლს კვლავ სასაქონლო
პროდუქცია ასრულებს,
მაგრამ უფრო ზოგადი
დინამიკაც საკმაოდ
მძლავრია. აგვისტოში
ექსპორტი წლიურად 24.7%-ით,
ხოლო იანვარ-აგვისტოში
22.1%-ით გაიზარდა. ამ ზრდიდან
14.2 პპ, ანუ მთლიანი ზრდის
64%-ზე მეტი,
ნავთობპროდუქტებზე
მოდიოდა. ოქროს,
ფეროშენადნობების,
სპილენძის მადნებისა და
აზოტოვანი სასუქების
დამატებით კი, სასაქონლო
ჯგუფების ერთობლივმა
წვლილმა ექსპორტის მთლიან
ზრდასაც გადააჭარბა და
მისი 106%, ანუ დაახლოებით 1
მილიარდი აშშ დოლარი
შეადგინა.ამავდროულად,
ექსპორტის დარჩენილი
ნაწილის სუსტი დინამიკა
მთლიანად ავტომობილების
რეექსპორტის 22%-იან წლიურ
კლებას უკავშირდება -
აღნიშნული ხუთი სასაქონლო
ჯგუფისა და ავტომობილების
გამოკლებით, ექსპორტი
წლიურად 15.5%-ით გაიზარდა,
ძირითადად საკვებისა და
სასმელების ხარჯზე.რაც
შეეხება იმპორტს, 2026 წლის
იანვარ-აგვისტოში ჯამური
მაჩვენებელი წლიურად 8.0%-ით
გაიზარდა (2025 წლის იანვრის
ერთჯერადი ფაქტორის
გამორიცხვის შემდეგ),
საიდანაც ნედლ და
გადამუშავებულ ნავთობზე 5.2
პპ, ანუ მთლიანი ზრდის
თითქმის 65% მოდის. ნავთობის
იმპორტის ზრდა და
ავტომობილების იმპორტის
12.5%-იანი კლება ზრდის ჯამურ
ტემპზე ერთმანეთის
გავლენას თითქმის სრულად
აბალანსებს: ნავთობისა და
ავტომობილების
გამოკლებით, იმპორტი
8.3%-ითაა გაზრდილი, რაც
მცირედით აღემატება კიდეც
მთლიან მაჩვენებელს, თუმცა
ექსპორტის ზემოაღნიშნულ
ზრდასთან შედარებით მაინც
მნიშვნელოვნად
დაბალია.საყურადღებოა, რომ
აგვისტოში ავტომობილების
იმპორტში 2026 წლის
განმავლობაში ყველაზე
მკვეთრი კლება დაფიქსირდა -
წლიურად თითქმის 35%.
მოკლევადიან პერიოდში ეს
სავაჭრო ბალანსს
აუმჯობესებს, თუმცა
მომდევნო თვეებში
ავტომობილების
რე-ექსპორტის დინამიკის
კიდევ უფრო შესუსტების
შესაძლებლობაზეც
მიუთითებს. ავტომობილების
წმინდა ექსპორტის
თვალსაზრისით
განსაკუთრებით ძლიერი 2025
წლის შემდეგ, მსგავს
განვითარებას თიბისი
კაპიტალი მიმდინარე წლის
დასაწყისში
პროგნოზირებდა, თუმცა
მასშტაბზე, სავარაუდოდ, 6
წელზე ძველი
ავტომობილებისთვის
აქციზის გადასახადის
ზრდაც აისახა.ამ ფონზე,
ჩვენი შეფასებით, 2026 წლის
იანვარ-აგვისტოში სავაჭრო
დეფიციტი მშპ-ის 26.4%-მდე
შემცირდა, რაც წინა წლებთან
შედარებით მნიშვნელოვნად
დაბალი მაჩვენებელია.სხვა
წყაროების მხრივ, სწრაფი
ფულადი გზავნილები
აგვისტოში წლიურად 8.2%-ით
შემცირდა, რაც,
ევროკავშირის მიერ
გადახდების რუსულ სისტემა
Zolotaya Korona-ზე დაწესებული
სანქციების შემდეგ,
რუსეთიდან გზავნილების
თვიურად 88%-ით, 5.1 მლნ აშშ
დოლარამდე შემცირებამ
გამოიწვია. ივლისში
რუსეთიდან გზავნილების
97%-ზე მეტი სწორედ ამ
სისტემით განხორციელდა.
მსგავსი ეფექტი
დაფიქსირდა გზავნილებზე
ყირგიზეთიდანაც, საიდანაც
გზავნილები თვიურად 73%-ით
შემცირდა და 2.2 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა, იმ ფონზე,
რომ ივლისში ნაკადების 66%
სწორედ ამ სისტემის
გამოყენებით გადმოირიცხა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის
ივლისში რუსეთიდან
გზავნილების მსგავსი,
42%-იანი თვიური კლება
გამოიწვია Unistream-ის
წინააღმდეგ დაწესებულმა
სანქციებმაც, თუმცა
მომდევნო რამდენიმე თვის
განმავლობაში ნაკადების
დიდი ნაწილის სხვა
სისტემებზე მიგრაცია
დაფიქსირდა. მოსალოდნელია,
რომ მოვლენები ამჯერადაც
მსგავსი სცენარით
განვითარდება, თუმცა
რთულია ითქვას რამდენად
სწრაფად ან სრულად მოხდება
გზავნილების
ჩანაცვლება.რაც შეეხება
ტურიზმის სექტორს,
წინასწარი ინდიკატორები
საკმაოდ მძლავრ
დინამიკაზე მიუთითებს.
ივლისსა და აგვისტოში
მნიშვნელოვანი
გაუმჯობესების შემდეგ,
არარეზიდენტების რეალურმა
უნაღდო დანახარჯებმა ზრდა
სექტემბერშიც განაგრძო. ამ
ფონზე, ბოლო დღეებში მცირე
შენელების მიუხედავად,
გასულ წელთან შედარებით
მომატებული რჩება
საქართველოს აეროპორტებში
აღრიცხული ფრენების
რაოდენობაც. ექსპორტის
სტაბილურად მაღალ დონეზე
შენარჩუნებისა და
ტურიზმიდან მიღებული
შემოსავლების
გაუმჯობესების შედეგად,
აგვისტოში საგარეო
შემოდინებების ამ ორი
მთავარი წყაროდან
მიღებული სავალუტო
ნაკადები კვლავ გაიზარდა.
შესაბამისად, თუკი ახლო
აღმოსავლეთში კონფლიქტის
პიკზე ტურიზმის დანაკლისს
ექსპორტის ზრდა
აბალანსებდა, ამჯერად
ორივე წყარო მძლავრი
დინამიკით
ხასიათდება.საერთო ჯამში,
წმინდა სავალუტო
შემოდინებების თიბისი
კაპიტალის მოკლევადიანი
შეფასება, რომელიც
საქონლით ვაჭრობას,
ტურიზმიდან შემოსავლებსა
და ფულად გზავნილებს
აერთიანებს, აგვისტოში
დამატებით გაიზარდა. თავის
მხრივ, ეს დინამიკა
თანხვედრაშია ჩვენს
მოლოდინთან, რომ 2026 წლის
მესამე კვარტალში
საქართველოს მიმდინარე
ანგარიშში,
რეინვესტიციების
გამორიცხვით, დადებითი
ბალანსი გაიზრდება, ხოლო
მეორე კვარტალის
მონაცემები უკვე
სექტემბრის ბოლოს იქნება
ხელმისაწვდომი.
1790246820