ეროვნულ საგანძურად ქცეული სუხიშვილების ისტორია ერთ უწყვეტ მოძრაობას ჰგავს, რომელიც თაობებს აერთიანებს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზით ანსამბლი არასდროს გაჩერებულა და მუდმივად ავითარებდა საკუთარ ხელწერას.
ანსამბლისთვის გამორჩეულად ემოციური და დატვირთული აღმოჩნდა საიუბილეო 80 წელი. კერძოდ, წლის განმავლობაში გაიმართა უამრავი წარმოდგენა, დაიგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების ტურნე. მათ შორის, ისტორიაში პირველად, 2026 წლის იანვარში, ანსამბლი ნიუ-იორკის „Carnegie Hall“-ის სცენაზე წარდგება.

გარდა ამისა, დასის მთავარი სპონსორის - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოეწყო ტრიუმფის 80 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც დღეს, 1 დეკემბერს სრულდება.
ეს ყველაფერი კი იმ შთაგონებით მოხდა, რომელსაც უმცროსი ილიკო სუხიშვილი ყველაზე კარგად ხსნის:
“ქართულ ცეკვას აქვს ის უხილავი, სულიერი ბირთვი, მუხტი, რომელიც სხეულის და მოძრაობების ნაერთს, ჩაცმულს ჩოხაში, აძლევს იმპულსს ქართული მოძრაობისკენ”.
სწორედ მუდმივი მოძრაობა და ინოვაციურობა იქცა სუხიშვილების ვიდეოს მთავარ ინსპირაციად, რომელიც კრეატიული სტუდია JoyBoy-ის მიერ შეიქმნა.
როგორც კრეატიული სტუდია JoyBoy-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი კვიტატიანი აღნიშნავს, თუმცა საბოლოო ჩანაფიქრი რეალობად იქცა. ვიდეოში წარმოჩენილი უნიკალური არქივი და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ასახავს ეროვნულ საგანძურად ქცეული თაობების კავშირს, რომლებიც ერთ ისტორიას წერენ.
“პროექტზე მუშაობის პროცესში დიდი წვლილი ფაიერ ფროდაქშენს მიუძღვის. ბევრი საუბრის, გადადებული თარიღებისა და მოულოდნელი სიხარულ-სიმწუხრის მიუხედავად, შევძელით რომ სუხიშვილებთან ინტერვიუების, არქივში ქექვის, ცეკვაში მცირედით დახელოვნებისა თუ ყველა სხვა მათთან დაკავშირებული ადამიანის გამოკითხვით, მივსულიყავით იმ შედეგამდე, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნებოდა”, - ამბობს გიორგი კვიტატიანი.
რაც შეეხება ანსამბლის ლოგოს, აქ ეროვნულ ჩოხაში გამოწყობილ მოცეკვავეს კვლავ უცვლელი ადგილი უჭირავს. რაც ხაზს უსვამს, რომ ტრადიცია არ იკარგება. ვიდეოც ვიზუალურად აჩვენებს, როგორ ერწყმის წარსული ახალ ხედვებს.
“ჩვენი ამოცანა მსოფლიოსთვის „სუხიშვილების” რაობის მოყოლა იყო იმ ვიდეოსა და განახლებული ლოგოს მეშვეობით, რომელსაც ანსამბლი საკუთარი მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე - იაპონიასა, ინგლისსა თუ ახალ ზელანდიაში წარადგენს. ამიტომ, ვეცადეთ მთავარი სათქმელი ანსამბლის 80 წლიანი ისტორიით, უამრავი წარმოდგენით, ფეხზე მდგარი ლა სკალათი, უნიკალური ტანისამოსებითა და მოძრაობებით გამოგვეხატა, რომელიც მაყურებელს, უნივერსალური ენით გაუზიარებს სათქმელს”, - აღნიშნავს გიორგი კვიტატიანი.

ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ ფასდაუდებელ წვლილზე საარქივო მასალებისა და ისტორიული ჩანაწერების გარდა რიცხვებიც საუბრობს. კონკრეტულად, სუხიშვილების ანგარიშზეა 15 000-ზე მეტი წარმოდგენა, 100-ზე მეტი ქვეყანა და 50 მილიონზე მეტი მაყურებელი, რომელთა მნიშვნელობაც ვიდეოშიც თვალშისაცემია.
„მის გარეშე, რასაც „მისტიკას“ ვეძახი, ყველაფერი ცარიელი იქნება“, – ამბობს უმცროსი ილიკო სუხიშვილი.
მართლაც, სუხიშვილების გარეშე ქართული ცეკვა ვერ იქნებოდა ის განსაკუთრებული კულტურული ხიდი, რომელიც აერთიანებს თაობებს, ინოვაციასა და ტრადიციას. ვიდეოში არქივური კადრები და მოქმედი მოცეკვავეები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ასახავს ეროვნული საგანძურის ღირსეულ გაგრძელებას და ერთ ისტორიად აერთიანებს თაობების კავშირს.
ასეთი მასშტაბური და უნიკალური ისტორიის გაჩერება შეუძლებელთან ერთად წარმოუდგენელიცაა. რადგან ბრენდად ქცეულ ანსამბლს, წინ კიდევ არაერთი ტრიუმფი ელოდება. ამ არც თუ ისე მარტივ გზაზე კი მათი მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია. პარტნიორი, რომელსაც სუხიშვილებთან საერთო ღირებულებები აერთიანებს: არ გაჩერება და ინოვაციურობა. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება მომავალი, რომელიც ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალურ სინთეზს ქმნის.













