ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო. ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი  18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე  15  000 -მდე  წითელი ნუსხით დაცული  იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყის აღდგენა-გაშენების ფართობი სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეირჩა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების გაძლერებას ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით.

„ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ყოველწლიური ზრდა სატყეო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.  ჩვენ გვაქვს ტყის აღდგენა-გაშენების გრძელვადიანი გეგმა, რომლის თანახმადაც 2026  წელს ეროვნული სატყეო სააგენტო  ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში,  2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელებს. ხოლო,  2036  წლისთვის  ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰა-მდე ფართობზე იქნება განხორციელებული“ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშილმა.