სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, თამთა სოფრომაძის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა კვლავ გრძელდება.

როგორც თამთა სოფრომაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, მაისის მონაცემებით, რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და $7 მლრდ-ს გადააჭარბა.

"ასევე მნიშვნელოვანია, როგორია რეზერვების მდგომარეობა ადეკვატურობის მაჩვენებლებთან შედარებით. ერთ-ერთი მთავარი საზომი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. ARA-მეტრიკაა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგია, რომელიც აფასებს ქვეყნის სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას), რომლის ქვედა ზღვარი 100%-ს შეადგენს. მაისის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 112%-ია. ეს ფაქტი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც აღნიშნა საკუთარ ანგარიშში და მიუთითა, რომ 2022 წლის შემდეგ პირველად საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 100%-იან ზღვარს გადააჭარბა. ფაქტი, რომ საგარეო მდგომარეობა საგარეო შოკების მიუხედავად საკმაოდ მდგრადია, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს, გააგრძელოს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა. მიმდინარე წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, ეროვნულმა ბანკმა 833 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებას კვლავ განაგრძობს", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.

წყარო: BP.GE