"ბიზნეს-დავების მსოფლიო ანთოლოგიაშიც კი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ნათია ჯანაშიას 2026 წლის 29 მაისს ნათქვამი ფრაზა, - "ჩემი სკოლა არც 2019 წელს იყიდებოდა, არც ახლა იყიდება და მომავალშიც არ გაიყიდება". ეს ფრაზა ისმის იმ ფონზე, როცა 2019 წელს გაფორმებული გარიგების თანახმად, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" 70%-იანი წილის სანაცვლოდ , "საქართველოს განათლების ჯგუფისგან"  30 მილიონი ლარი აქვს დადასტურებულად მიღებული", - ამბობს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე.  აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

ჯინჭარაძის თქმით, ნათია ჯანაშიასთან აფილირებული ინტერნეტ გამოცემებისა და სოც-ქსელის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ მისი მხრიდან, ბოლო პერიოდში, გახშირდა ნარატივი, სადაც სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზები - "ჩემი სკოლა-ჩემი ბრძოლა",  "ამ ხელებით ავაშენე და ამავე ხელებით დავიცავ", " სკოლა ჩემთვის ღირებულებაა და არა პორტფელური კომპანია" და სხვა. ამ ფრაზების მიღმა კი, როგორც უკვე მიეჩვია საზოგადოება, საგნობრივი მსჯელობისგან სრულიად დაცლილი და მხოლოდ ემოციურ მუხტზე გათვლილი საუბარია.

"რეალობა კი სულ სხვა სურათს აჩვენებს. კერძოდ იმას, რომ ნათია ჯანაშიას მხარის მიერ წარმოებული მედია-კამპანიის მიზანი იმთავითვე იყო ჩაფიქრებული და ეს უკვე გაყიდული აკადემიის რეიდერულად მითვისება და მიტაცებაა.

თავისი არსით ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი და უაპელაციოდ დამადანაშაულებელი კამპანია, რომელსაც ნათია ჯანაშია მხარე აწარმოებს, საკუთრივ ინვესტორის გარდა მიმართულია კიდევ ბევრი სხვა ადრესატისადმი - მთელი რიგი სახელმწიფო უწყებებისადმი - სასამართლო და იუსტიციის სისტემისადმი, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისდამი და ა.შ. ეს იმის პარალელურად, რომ ამავე უწყებებში შეტანილი აქვს საჩივრები და სარჩელები.

ის ასევე ჩივის ამერიკის საელჩოში და უკვე, როგორც თავად აცხადებს,  აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში და ითხოვს აშშ-ის მოქალაქე საკუთარი შვილების უფლებების დაცვას, ჩივის ლონდონის ბირჟაზე და ითხოვს საქართველოს წამყვანი კომპანიების გარიცხვას.

რთული სათქმელია, ჩივილის დიაპაზონი სადამდე წავა, - ისე მიდის საქმე, რომ მალე, შესაძლოა, საქართველოში არავინ დარჩეს, ვის წინააღმდეგაც საჩივარი არ აქვს შეტანილი ან საჩივრით არ ემუქრება.

თუმცა ეს არ არის არსებითი. არსებითი და ცალსახა არის ის, რომ ნათია ჯანაშიას მხარის მიერ წარმოებული ეს კამპანია, - დავასთან დააკავშიროს რაც შეიძლება მეტი ფიგურანტი და ამით ეცადოს საზოგადოებრივი რეზონანსის გამოწვევა, მიმართულია ინვესტორისადმი იმდაგვარი რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობისკენ, რომ მან ხელი აიღოს საკუთარ კანონიერ საკუთრებაზე და უფლებებზე და ჯანაშია-ცეცხლაძის პირობების შესაბამისად დათმოს ერთხელ უკვე საბაზრო ფასად ნაყიდი აკადემიის საკონტროლო პაკეტი. ყველაფერი იმაზე მიუთითებს და ნათია ჯანაშია თავისი ქმედებებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, - რომ მისი მიზანი გაყიდული აკადემიის რეიდერულად მითვისებაა", - აღნიშნავს ჯინჭარაძე.