ლიეტუვა გახდა ნატოს პირველი ქვეყანა, რომელიც მშპ-ს 5%-ზე მეტს თავდაცვაზე ხარჯავს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ: „ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგულნი თავდაცვის მიმართ. ლიეტუვა საიმედო მოკავშირეა, რომელიც მაგალითით ლიდერობს“.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, რობერტას კაუნასის თქმით, 2026 წელს ლიეტუვის სამხედრო ხარჯები მშპ-ს 5.38%-ს, ანუ 4.79 მილიარდ ევროს მიაღწევს. წინა წლებში ლიეტუვა თავდაცვაზე მშპ-ს 3%-ზე ოდნავ მეტს ხარჯავდა.
გაზრდილი ხარჯები უკრაინის ომისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხეების შესახებ შეშფოთების ფონზე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროგრამის ნაწილია.
„თუ ჩვენ ჩვენს უსაფრთხოებაში არ ჩავდებთ ინვესტიციას, არავინ მოვა ჩვენს დასაცავად“, - განმარტა კაუნასმა.
მან აღნიშნა, რომ ეროვნული თავდაცვა ორ პრინციპზეა აგებული: ეროვნული შესაძლებლობები და კოლექტიური თავდაცვა ნატოს ფარგლებში.
2026 წლის ბიუჯეტი სამხედრო ხარჯების 1.59 მილიარდი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს. დამატებითი თანხები იგეგმება შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის შესყიდვისთვის. ლიეტუვა გეგმავს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას და ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების თავდაცვის სისტემების დეფიციტის აღმოფხვრას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი იქნება გერმანული Leopard 2A8 ტანკების მიწოდების კონტრაქტი. უსაფრთხოების პროექტებისთვის სახელმწიფო თავდაცვის ფონდიდან დამატებით 700 მილიონი ევრო გამოიყოფა.
ვილნიუსის გადაწყვეტილება მოჰყვა ნატოს ფარგლებში თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებს. გასულ წელს ჰააგაში ალიანსის სამიტზე წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის სამხედრო ხარჯების სამიზნე ამჟამინდელი 2%-დან მშპ-ს 5%-მდე გაეზარდათ. სამიტის საბოლოო დეკლარაციის თანახმად, მშპ-ის მინიმუმ 3.5% უნდა გამოიყოს თავდაცვის ძირითად საჭიროებებზე და ნატოს სამხედრო მიზნების შესრულებაზე, ხოლო მშპ-ს 1.5%-მდე უნდა დაიხარჯოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე, ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე, ინოვაციებსა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე.
იმავე დეკლარაციაში რუსეთი „ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ“ მოიხსენიება.













