„საზოგადოებაში ნათია ჯანაშიას მიმართ ნდობა დაკარგულია და ეს განაპირობა მისმა კამპანიამ, რომელიც ტყუილზე, ორმაგ სტანდარტზე და ცილისწამებაზეა აგებული. ბუნებრივია, როდესაც წლების განმავლობაში ავრცელებ ბრალდებებს, რომელიც  არანაირი დოკუმენტით არ არის დამოწმებული, საზოგადოებაში შენს მიმართ ნდობაც ქრება“, - ამის შესახებ „აფბას“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ მედიასთან განაცხადა.  შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.

კაპანაძის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებაში ნათია ჯანაშიას მიმართ ნდობა გაქრა, არის განუწყვეტელი ცილისწამებების სერია, რომელსაც საფუძვლად არცერთი იურიდიული მტკიცებულება არ გააჩნია. მიმდინარე დავის განმავლობაში ჯანაშიას მხარეს არც ერთხელ არ წარმოუდგენია წერილობითი შეთანხმება ან დოკუმენტი, რომელიც მათ სიტყვებს დაადასტურებდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ ბიზნესდავის მონიტორინგი მას შემდგომ დავიწყეთ, რაც  „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კეთილაძემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და პუნქტობრივად უპასუხა ჯანაშია-ცეცხლაძის მხრიდან წლების განმავლობაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. მონიტორინგის მიმდინარეობის კვალდაკვალ კი სულ უფრო ნათლად იკვეთება, რომ ნათია ჯანაშიას, მის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე რეალურად არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია და იგი მხოლოდ ცილისწამებაზეა აგებული.  მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

  • ოქროყანის მიწის ნაკვეთის საკითხი: ჯანაშია საჯაროდ ამტკიცებდა, რომ ოქროყანის მიწა აკადემიის კაპიტალში უსასყიდლოდ უნდა შესულიყო. თუმცა, კეთილაძემ წარმოადგინა ჯანაშია-ცეცხლაძის ელექტრონული მიმოწერა, სადაც ისინი აღიარებენ მიწის საბაზრო ფასს და ითხოვენ მისი 30%-ის ღირებულების კაპიტალში შეტანას 4 ტრანშად გადანაწილებით;

  • წილის ღირებულება: ჯანაშია-ცეცხლაძე საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს 70%-იანი წილი საბაზროზე ნაკლებ ფასად „წაართვეს“. სინამდვილეში, ამ გარიგების შედეგად მათ ანგარიშზე 29,3 მილიონი ლარი ჩაირიცხა, ხოლო „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს“ დასკვნა ადასტურებს, რომ ეს თანხა ნახევარი მილიონი ლარით აღემატებოდა გაყიდვის დროინდელ საბაზრო ფასს;

  • თვითმფრინავის ეპიზოდი: ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ცხადად იკვეთება, რეალური ფაქტების სრული დამახინჯების მცდელობა. ნათია ჯანაშიამ საკუთარ ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს გაავრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილს „საქართველოს კაპიტალის“ („საქართველოს განათლების ჯგუფის“ დამფუძნებლის) ხელმძღვანელობასთან ინციდენტი შეემთხვათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაშინ როდესაც რეალურად თბილისი-ლონდონის რეისზე, თვითმფრინავში დავით ცეცხლაძე დაესხა თავს ირაკლი გილაურს და გიორგი კეთილაძეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ბრიტანეთის ავიახაზების მიერ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ლონდონის კრიმინალურ პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

  • ორმაგი სტანდარტი: ნათია ჯანაშია კონტროლირებად გამოცემებში, დავის პირველ ეტაპზე აქტიურად აქებდნენ ხელისუფლებას, წერდნენ ოფიციალურ მიმართვებს და ამტკიცებდნენ, რომ მათ თითქოს ძველი რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ებრძვიან. თუმცა, სრულიად საპირისპირო სურათია დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებსა თუ იქაურ მედიაში დაკვეთილ სტატიებში. ისინი რადიკალურად იცვლიან პოზიციას – მკაცრად აკრიტიკებენ ქართულ ხელისუფლებას, ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი წარმოჩენილი ჰყავთ კორუმპირებულ ფიგურად, რომელმაც სახელმწიფო დასაღუპად გაწირა. ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელისა და ტელეგრაფის შეკვეთილი სტატიის გახმაურების შემდეგ, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე აქტიურად იწყებენ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას, ადანაშაულებენ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიულ მმართველობაში, სასამართლო სისტემას, სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკს კორუფციაში და კლანური სისტემის ხელშეწყობაში.

  • ქალებზე თავდასხმის ეპიზოდი და მოკვლით მუქარა: ამ დავის ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდია, დავით ცეცხლაძის თავდასხმა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წარმომადგენელ ქალებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ორსულად იმყოფებოდა. როდესაც ამ ფაქტმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, დავით ცეცხლაძემ მყისიერად შეცვალა პოზიცია და გამოაცხადა თავი დაზარალებულად. საზოგადოებას აჯერებდნენ, თითქოს ფეხმძიმე თანამშრომელმა თავად მოიქნია მათკენ ტელეფონი და საფრთხე შეუქმნა მათ უსაფრთხოებას. დავით ცეცხლაძის მხრიდან განხორციელებული ქმედებების ფაქტზე წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე. პოლიციის მიერ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

როდესაც ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ამდენ ცრუ ბრალდებას ავრცელებენ, ხოლო რეალობა რადიკალურად აცდენილია მათ განცხადებებს, ბუნებრივია, საზოგადოებაში ნდობაც ქრება“, - აცხადებს კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჯანაშიას მხარე აცხადებდა, რომ ოფიციალური დოკუმენტი გააჩნდათ, ეს იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება, რომელიც თითქოს მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დადასტურდა, რომ გამოძიება „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიმართვის საფუძველზეა დაწყებული და იგი ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდს ეხება.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.  გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს). აღსანიშნავია, რომ გაფლანგვა-მითვისება დოკუმენტირებულად არის დადასტურებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში.

შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი საკითხი, რომელზეც ნათია ჯანაშია საუბრობს, ავრცელებს ბრალდებებს და ამ ყველაფერს რაიმე რეალური საფუძველი ან დოკუმენტური დადასტურება გააჩნია“, - დასძენს კაპანაძე.