საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში.
"განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიცია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 6 მილიარდ დოლარამდეა და უზრუნველყოფს პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორის განვითარებას.
აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნა თბილისში საქართველოსა და ADB-ს შორის არსებული გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.
შევხედრის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს და აღნიშნავს, რომ თბილისში აზიის განვითარების ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. თბილისში აზიის განვითარების ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის“, - წერს ირაკლი კობახიძე.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავად მასატო კანდამ განაცხადა, რომ კი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები და რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის საოცარი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს რეგიონულ დაკავშირებადობას. განვიხილეთ შუა დერეფანში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობა, ვისაუბრეთ აეროპორტების განახლებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.
კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.













