საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ალეშ მიხლი და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ზოლტან კურალი.

პანელის მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ცენტრალური ბანკების საქმიანობაზე, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასა და საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიებზე, სტეიბლქოინებისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების განვითარების ტენდენციებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ევროპის სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებიც გამართა. მხარეებმა განიხილეს ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პრაქტიკული გამოყენების საკითხები.

Central Banking-ის ყოველწლიური შეხვედრები ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალური საკითხების განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.