საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ქვეყანაში ევროპელი ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა ადმინისტრაციის მიზანმიმართული კამპანიების: საერთაშორისო გამოფენების, მასშტაბური გარე რეკლამებისა და გავლენიან, მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

მაია ომიაძის თქმით, ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არამხოლოდ ფასიან რეკლამას, არამედ სანდო, ავტორიტეტულ გლობალურ გამოცემებში რედაქციული კონტენტის შექმნას.

„მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან 24%-იანი მატება გვაქვს, რაც უპრეცედენტოა — არასოდეს ევროპის პასპორტის ამდენი მფლობელი საქართველოში არ ჩამოსულა! ევროპელი მოგზაური დაჯავშნამდე, როგორც წესი, ეცნობა სანდო, მაღალი რეპუტაციის მედიას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გავლენიანი გამოცემების რედაქციებთან იმისთვის, რომ რედაქციული კონტენტი შეიქმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ არის ნაყიდი, არამედ არის საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული.

ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ასეთ მედიებთან, რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან დავამყაროთ მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოში ჩამოვიყვანოთ, გავაცნოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, რათა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდობით მოამზადონ საქართველოს შესახებ მასალები. მოგზაურობის დაჯავშნისას, მაღალი რეპუტაციის მქონე მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.