მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ღონისძიებები როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც ორიენტირებულია ხარისხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ცვლილებები განაპირობა მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების შემცირებამ და ბაზარზე მაღალმა კონკურენციამ. დაგეგმილი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია, რომ 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე. ხარისხიანი ღვინის მისაღებად აუცილებელია, ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე. ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, არ უნდა იყოს 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2026 წლის გეგმებზე საუბრის დროს.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება და მევენახეებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ. კერძოდ, საუბარია „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებზე“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. მათ შორის, აღსანიშნავია მიმდინარე წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„ჩვენი რეფორმები გათვლილია დარგის მომავალსა და განვითარებაზე. ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან და ის უნდა იყოს ტექნოლოგიურად სწორად გაშენებული. ბოლო ათწლეულია დარგისადმი ინტერესი დიდია, გაიზარდა ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ვაზის ნერგებით - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ/სამეწარმეო ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.