ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის ზრდაზე და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის, როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიულ კვირეულის (OECD Eurasia Week) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, უკვე აღარაა მხოლოდ ალტერნატიული გზის სტატუსის მატარებელი დერეფანი.

„დღეს ის სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მდგრადი მიწოდების ჯაჭვების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროპასა და აზიას შორის მყარი კავშირების სტრატეგიული კომპონენტი. საქართველო არის დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ საკვანძო რგოლი, რომელიც საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ეკონომიკურ უპირატესობად გარდაქმნის და ძალისხმევას მიმართავს, რომ შავი ზღვა პოზიციონირებდეს როგორც საიმედო კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ფუნქციას დერეფანში და აღნიშნა, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საკუთარი როლის გასაძლიერებლად. თამარ იოსელიანის თქმით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სამთავრობო ხედვის შესაბამისად, საქართველოს ჯამური ინვესტიცია ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და შუა დერეფანზე გამავალი ტვირთბრუნვის მოცულობა იზრდება, რაც ადასტურებს დერეფნის აქტუალობას. “2025 წელს საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – კონტეინერბრუნვა 2024 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 14 პროცენტით მეტია რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვების ოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შუა დერეფანში საკონტეინერო ნაკადების 33%-იანი ზრდა ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საკვანძო სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, ეს იმპულსი მდგრად ზრდად ვაქციოთ ისეთი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც ეფექტური, თავსებადი და სრულად ინტეგრირებული იქნება რეგიონულ და ევროპულ მიწოდების ჯაჭვებში,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება დერეფნის მონაწილე ქვეყნების საბაჟო და სხვა პროცედურების სინქრონიზაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს დერეფნის დიგიტალიზაციასა და სხვა სახის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. თამარ იოსელიანის თქმით, შუა დერეფნის მულტიმოდალური ერთობლივი საწარმოს შექმნა კოორდინირებულ მომსახურებაზე, პროგნოზირებად განრიგებსა და კონკურენტულ ტარიფებზე გადასვლის დასტურია, და ეს სწორედ ისაა, რასაც გლობალური გადამზიდავები მოელიან.

„საქართველოს გზავნილი ნათელია: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა – დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად. საქართველო ამ ხედვას რეალობად აქცევს და თანმიმდევრულად ყალიბდება ევრაზიის სანდო კავშირის ჰაბად,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

პლენარული სესია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნა. სესიაზე ასევე განხილულ იქნა OECD – ის კვლევა „ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება“.

OECD – ის ევრაზიის კვირეულში ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.