საქართველოს გზების დეპარტამენტმა გააუქმა 2024 წლის აგვისტოში გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერები, რომლებიც რუსთავი-წითელის ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზატკეცილის მშენებლობას ეხებოდა.
ინფორმაცია დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, ამ გზების მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერიც გაუქმდა.
თავის დოკუმენტებში დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტენდერების გაუქმების მიზეზი დაბალი კონკურენცია იყო.
რუსთავი-წითელის ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზატკეცილის მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების ნაწილია, რომლებიც საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ გზის ეს მონაკვეთი ოთხ ლოტად არის დაყოფილი. პროექტი ითვალისწინებდა 61.3 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, ბეტონის გზატკეცილის მშენებლობას გარე განათების სისტემით. გარდა ამისა, დაგეგმილი იყო სულ 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.
ჯერ კიდევ 2024 წელს, გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მშენებლობა 2025 წელს დაიწყებოდა, ოთხივე მონაკვეთი კი ეტაპობრივად უნდა დასრულებულიყო სამუშაოების დაწყებიდან 30 თვის განმავლობაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტი თანადაფინანსებული იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მთავრობის მიერ, ხოლო EIB-მა გამოყო 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხი.













