აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას განიხილავს.

„ინდოელები ძალიან კარგები იყვნენ. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ შეეწყვიტათ სანქცირებული რუსული ნავთობის შესყიდვა, ისინი ასეც მოიქცნენ. ისინი აპირებდნენ მის ჩანაცვლებას აშშ-ის ნავთობით, მაგრამ მსოფლიოში ნავთობის დროებითი დეფიციტის შესამცირებლად ჩვენ მივეცით მათ რუსული ნავთობის მიღების ნებართვა. შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სხვა სანქციებიс გავაუქმოთ“, – აღნიშნა ბესენტმა Fox Business-თან ინტერვიუში.

აშშ-ის სახაზინო მდივნის განმარტებით, უამრავი ტანკერია სანქციების გამო გაჩერებული და ეს სანქციები თუ მოიხსნება, ნავთობი ბაზარზე გამოვა და გლობალური მიწოდება გაიზრდება.

ბესენტმა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა აფასებს სიტუაციას და უახლოეს კვირებში გზის გახსნა მოსალოდნელია.