ამერიკული კორპორაცია Nvidia მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Bloomberg-ი სერვისის TradingView მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ Nvidia-ს აქციები ამერიკულ ბირჟაზე ​Nasdaq 3,31%-ით გაიზარდა და 207,68 დოლარი შეადგინა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5,05 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ფასების ზრდა დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან, რომ ის ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან Nvidia-ს მიერ წარმოებულ ხელოვნური ინტელექტის პროცესორების - Blackwell-ის ექსპორტის საკითხს განიხილავს. ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანმა, ცოტა ხნის წინ ეს პროცესორები ოვალურ კაბინეტში აჩვენა, ხოლო ტრამპმა მათ „სუპერ-პუპერ-ჩიპები“ უწოდა.

აშშ-ის ლიდერმა პირობა დადო, რომ Blackwell-ის გამარტივებული ვერსიის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს.