ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ფერმერების თავდაუზოგავი შრომით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იზრდება როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე ხარისხი.

„აჭარის ციტრუსი უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენს ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათს და ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს. დარწმუნებული ვარ, შტაბის საქმიანობა მომდევნო სამი თვის განმავლობაში წარმატებული და ეფექტიანი იქნება. ათასობით ოჯახი სწორედ ციტრუსის მოსავლით იღებს შემოსავალს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ფერმერის მხარდაჭერა,“ — აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შტაბის გახსნის პარარელურად, სულხან თამაზაშვილი, დავით სონღულაშვილი და დენის სალუქვაძე მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ და მიმდინარე პროცესებზე მოისმინეს ინფორმაცია. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე დაწესდება 35 თეთრიანი სახელმწიფო სუბსიდია.

დამატებით 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება.მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, მოსალოდნელია 60–65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით მეტია. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა მიიღებს.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მიზანია ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციისა და სუბსიდირების პროცესების კოორდინაცია. შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი (1501), სადაც მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.