გლობალური საზღვაო ტვირთების ღირებულებამ მიაღწია ორწლიან მაქსიმუმს. აზიასა და აშშ-ს შორის მარშრუტებზე ტარიფები 62%-ით გაიზარდა ახალი ტარიფების მოლოდინის გამო. ექსპერტები ფასების ნახტომს უკავშირებენ საქონლის დაჩქარებულ დატვირთვას და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობას, იუწყება გაზეთი The Financial Times (FT) ექსპერტებზე დაყრდნობით.

ციფრული გადაზიდვების პლატფორმის, Freightos-ის მონაცემებით, გასულ კვირას, აზიასა და აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, ასევე აზიასა და ევროპას შორის მარშრუტებზე ტარიფებმა 2024 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

პლატფორმის მონაცემებით, ჩინეთ-აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მარშრუტზე სტანდარტული 40 ფუტიანი კონტეინერის (12.9 მეტრი სიგრძის, 2.44 მეტრი სიგანის და 2.59 მეტრი სიმაღლის) გადაზიდვის ფასმა7,880 დოლარამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 62%-ით მეტია.

ჩინეთსა და ხმელთაშუა ზღვას შორის მსგავსი ტვირთების გადაზიდვის ღირებულება 47%-ით გაიზარდა და 6,431 დოლარს მიაღწია.

„გაურკვევლობამ გადასახადებთან და საზღვაო საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით გამოიწვია საქონლის დატვირთვის დაჩქარება, განსაკუთრებით აშშ-ში, რამაც მკვეთრად გაზარდა ტვირთის გადაზიდვის ტარიფები“, - ნათქვამია გემთმფლობელთა უმსხვილესი ასოციაციის, BIMCO-ს განცხადებაში.

როგორც Freightos-ის წარმომადგენელმა ჯუდ ლევინმა აღნიშნა, მომხმარებლები და სატვირთო კომპანიები გადაზიდვებს ცვლიან, რათა თავიდან აიცილონ ზაფხულის შესაძლო შეფერხებები და საწვავის ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ივლისში დაახლოებით 60 ქვეყნის პროდუქტებზე 10%-იანი ან 12.5%-იანი ახალი ტარიფების დაწესებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება მარტში ამ ქვეყნებში იძულებითი შრომის გამოყენებით წარმოებული საქონლის იმპორტის რეგულაციებთან დაკავშირებით დაწყებულ სამართლებრივ დავას მოჰყვა.