ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგად გამოწვეული ფასების ზრდის გამო, ევროპას წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამატებით 127 მილიარდი ევროს დახარჯვა მოუწია - როგორც გამოცემა Rapporteur-ი იუწყება, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, იმპორტირებული წიაღისეული საწვავი ევროპას დამატებით 127 მილიარდი ევრო დაუჯდა — თუმცა, ამის სანაცვლოდ, ენერგიის არც ერთი დამატებითი მოლეკულა არ მიგვიღია“, — აღნიშნა მან.

მისი თქმით, ომის დაწყების (რომელშიც აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ მონაწილეობენ) კვალდაკვალ ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება.

„შესაბამისად, როდესაც ნავთობსა და გაზს ვეზიდებით, არსებობს რისკი, რომ მათთან ერთად იმ შოკებსა და კრიზისებსაც შემოვიტანთ, რომლებიც მათ უკავშირდება“, — ხაზი გაუსვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

პორტალი აღნიშნავს, რომ თებერვლის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, მსოფლიოში საზღვაო გზით გადაზიდული ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი ჰორმუზის სრუტეზე გადიოდა.