ტარტუსის პორტი ტრანსპორტირებისა და დამუშავების შესაძლებლობების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პორტად იქცევა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE) დაფუძნებულ პორტის ოპერატორ Dubai Ports World-სა (DPW) და სირიის სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო კარიბჭის ორგანოს შორის ტარტუსის პორტის განვითარების შესახებ 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ხელმოწერის ცერემონია სირიის დედაქალაქ დამასკოში გაიმართა. მას ესწრებოდნენ სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარა, DPW-ის აღმასრულებელი დირექტორი, სულთან ბინ აჰმედ ალ-სილეიმი, სირიის სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო კარიბჭის ორგანოს დირექტორი, ქუთაიბა აჰმად ბედავი, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასად ჰასან შეიბანი და ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლები.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, სირიის სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო კარიბჭის ორგანოს დირექტორმა ბედავიმ და DPW-ის გენერალურმა დირექტორმა ალ-სილეიმმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ეს პროექტი ეკონომიკური განვითარების მიზნებსა და ეფექტური პარტნიორობის საფუძვლებს შორის დაბალანსებულ საინვესტიციო მოდელს გვთავაზობს“, - განაცხადა ბედავიმ.

მან აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით, ტარტუსის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარდება.

გაიხსენა, რომ DPW-ს აქვს პროცესის წარმატებისთვის აუცილებელი ტექნიკური ექსპერტიზა, გლობალური გამოცდილება და სტრატეგიული პერსპექტივა და დასძინა: „მოლაპარაკებების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ კონსტრუქციული მიდგომა, ხედვა, რომელიც პატივს სცემს სირიის პირობებს და ესმის ჩვენი ეროვნული პრიორიტეტები“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და ტექნიკური შემოწმების შემდეგ შეიქმნა, იცავს ინვესტორი კომპანიის უფლებებს და უზრუნველყოფს სირიის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს: „დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს არა მხოლოდ ტექნიკურ კონტრაქტს, არამედ სირიაში სახმელეთო და საზღვაო ოპერაციებში ახალ ეტაპს“.

DPW-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სილეიმიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტარტუსის პორტი ტრანსპორტირებისა და დატვირთვის შესაძლებლობების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პორტი გახდება. სირიას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივები, განსაკუთრებით პორტი, რომელიც დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სამრეწველო ტრანსპორტირებისა და ექსპორტისთვის.

ტარტუსის პორტში ინვესტიცია, რომელიც ყველა სახის საქონლისა და პროდუქტის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის საშუალებას მისცემს, სამ ეტაპად განხორციელდება და 30 წელი გაგრძელდება.

მაისში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს DPW-სა და სირიის სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო კარიბჭის ორგანოს შორის, რომელიც ითვალისწინებს ტარტუსის პორტში მრავალფუნქციური ტერმინალის განვითარებას, მართვასა და ოპერირებას.