გრძელვადიან პერსპექტივაში, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ევროპის ნავთობით მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ამის შესახებ trend.az-მა OPEC-ის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა.

როგორც ანგარიშშია მითითებული, ევროპაში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის მიწოდება 2050 წლამდე დღეში დაახლოებით 1.6 მილიონი ბარელის ტოლი დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია სანქციების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე, როდესაც რუსული ნავთობი თავისუფლად მიედინებოდა ევროკავშირში, მიწოდების ასეთი მოცულობა აჩვენებს კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ალტერნატიული მიმწოდებლების მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს გამო, ტრადიციული მიწოდების მარშრუტები გადამისამართდა. რუსეთიდან და მთლიანად კასპიის რეგიონიდან იმპორტი, სავარაუდოდ, 2024 წელს დღეში 1.8 მილიონი ბარელიდან 2030 წლისთვის დაახლოებით 1.7 მილიონ ბარელამდე შემცირდება, ხოლო პროგნოზირებული პერიოდის ბოლოსთვის 1.6 მილიონ ბარელამდე.

თუმცა, ამ მარაგების უმეტესობა არარუსული იქნება, მნიშვნელოვან ნაწილს კი ყაზახეთი და აზერბაიჯანი შეადგენენ.

OPEC-ის პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება კონფლიქტამდელ დონეს დაუბრუნდეს. ანგარიშის თანახმად, ეს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ევროპული ბაზრისთვის ნავთობის სანდო და გრძელვადიანი მიმწოდებლების სახით უფრო მიმზიდველს ხდის.