საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედა ზღვარი 5%-ით, 25%-დან 20%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 5%-ით შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ნაბიჯით კომერციულ სექტორს ექნება შესაძლებლობა, მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხები შედარებით დაბალ პროცენტში მისცენ.

„დღეს ჩავატარეთ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, ეს არის კომიტეტი, რომელზეც პერიოდულად ვმსჯელობთ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის პარამეტრებზე. შევაფასეთ როგორც კეთილსაიმედო და მედეგი ჩვენი საბანკო სისტემა საუკეთესო აქტივების ხარისხით. რისკები გადაზღვეულია მაღალი ლიკვიდობით, ასევე კაპიტალის მაღალი ბუფერებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეზერვო მინიმალური მოთხოვნები 25%-დან შეგვემცირებინა 20%-მდე. რა მოლოდინს იწვევს ეს? – ჯერ ეს ერთიც, იწვევს იმ მოლოდინს, რომ ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა, უფრო მიმზიდველი პირობებით, უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხები მცირე ბიზნესს, რაც, იმავდროულად, ფინანსურ სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.