უკრაინის უდიდესმა ფოლადის მწარმოებელმა გიგანტმა, ArcelorMittal Kryvyi Roh-მა, ოფიციალურად გამოაცხადა წარმოების შეჩერების შესახებ. ყველა სამთო და ფოლადის გადამამუშავებელი ობიექტი დაიხურა.

ფოლადის მწარმოებელი კომპანიის პრესსამსახურმა წარმოების შეჩერების მიზეზები გაავრცელა, აღმასრულებელი დირექტორის, მაურო ლონგობარდოს განცხადების ციტირებით.

მან განმარტა, რომ „უკრზალიზნიცია“ (უკრაინის რკინიგზა) ვერ ახერხებს საჭირო მოცულობის პროდუქციისა და ნედლეულის ტრანსპორტირებას, რაც წარმოებას შეუძლებელს ხდის.

„ისინი უბრალოდ ვერ აწვდიან რკინის ჩამოსხმის წარმოების ძირითად კომპონენტს, რომლის გარეშეც რკინის წარმოება შეუძლებელია“, - თქვა დირექტორმა.

გარდა ამისა, ქარხანა უკვე მეოთხე წელია მოგების გარეშე მუშაობს, რამაც საბოლოოდ შეუძლებელი გახადა ოპერაციების შენარჩუნება.

კრივოი როგის ქარხანა ქვეყანაში ფოლადის უდიდესი მწარმოებელია. მისი პროდუქცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის საჭიროებებისთვის: ფოლადი გამოიყენება გამაგრების ნაგებობების დასამზადებლად და ჯავშანტექნიკის შესაკეთებლად.

ევროკომისიამ ადრე უარი თქვა უკრაინისთვის ევროკავშირის ნახშირბადის გადასახადისგან გათავისუფლებაზე, რომელიც 2026 წელს ამოქმედდება. ამან მძიმე დარტყმა მიაყენა უკრაინელ ფოლადის მწარმოებლებს, რომლებმაც მხოლოდ პირველ კვარტალში 1.1 მილიონი ტონა შეკვეთა დაკარგეს.