„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაიზარდა.

აფბას შეფასებით ეროვნული ბანკი ინფლაციური პროცესების საპასუხოდ სწრაფად და დროულად რეაგირებს. გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლებზე მკვეთრად გაზრდილი ფასების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება წარმოადგენს ეფექტურ და მიზნობრივ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ინფლაციური რისკების შეკავებისკენ.

აფბას შეფასებითვე, რომ აპრილში დაფიქსირებული 5.9%-იანი ინფლაცია და გაძლიერებული საგარეო შოკები ქმნიდა ობიექტურ წინაპირობას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე ეტაპზე ფასების ზრდა ძირითადად განპირობებულია საგარეო, ეგზოგენური ფაქტორებით და არა შიდა მოთხოვნის ჭარბი ზრდით. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვია, რაც პირდაპირ აისახება იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

აღნიშნულ წნეხს ამძაფრებს შიდა ფაქტორებიც, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფებისა და საწვავის ფასების ზრდა, რაც ზრდის წარმოების ხარჯებს და საბოლოოდ აისახება სამომხმარებლო ფასებზე. აფბას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ძირითადი წყარო საგარეო ფაქტორებია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფლაციური მოლოდინების მართვაში.

ორგანიზაციის განცხადებით, გლობალური გაურკვევლობის პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არჩეული „ფრთხილი, თუმცა მკაცრი“ მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს აუცილებელ ინსტრუმენტს როგორც ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ისე გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.