ოპტიმიზაციის ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რაც გასულ წელს განხორციელდა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით. მინდა, აღვნიშნო რამდენიმე ძირითადი შედეგი, რაც გვაქვს ამ ერთი წლის მანძილზე. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, შევეხები კადრების ოპტიმიზაციას.

საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე, იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები.

10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში და ამ ყველაფრის შედეგად, დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 18.5 მლნ ლარი. რომ ავიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია და პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი სცდება 40 მლნ ლარს. ასევე, გვქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი, შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190.4 მლნ ლარი.

ბუნებრივია, ეს დანაზოგიც მოხმარდება საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებას და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ოპტიმიზაციის ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.