საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ ადგილობრივ სტარტაპს – შპს „ჰელიო აისს“ და შპს „ეიაი სოლუშენსს“ „ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“ მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
მისი თმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ინოვაციურ სტარტაპ საზოგადოების განვითარება წარმოადგენს.
„ჩვენ, მრავალი წელია, სხვადასხვა მეთოდებით მხარს ვუჭერთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას: შემოგვყავს ქვეყანაში გლობალური აქსელერატორი, გვაქვს დაფინანსების პროექტები სტარტაპებისთვის. მათ განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა, დამატებით მხარდამჭერი მექანიზმები შემოგვეღო. სწორედ ამას გულისხმობს ახალი საგადასახადო რეჟიმი ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნები საკმაოდ მაღალია, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის მხარდამჭერი მექანიზმი, რაც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოჰყვება.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, სტატუსის მინიჭების და მასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთის ამოქმედების ძირითადი მიზანი ინოვაციაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებაა ადრეულ ეტაპზე, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
„პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული სტარტაპ პროექტი. მას მოზიდული უნდა ჰქონდეს კერძო ინვესტიცია, მინიმუმ, 100 ათასი ლარის ოდენობი, ან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი, მინიმუმ, 150 ათასი ლარის გრანტის ოდენობით. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, სტარტაპი უკვე მიიღებს საქართველოს მთავრობისგან ინოვაციურ სტატუსს, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი აბსოლუტურად ნულოვან საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, რაც არის უპრეცენდენტო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ქართული სტარტაპების სწრაფად განვითარებას, რომ გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და ამით უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.













