სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 25 ხელშეკრულება, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 16 მილიონ ლარს აღემატება. 

დაფინანსების მიზნობრიობები მოიცავს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე, სასათბურე და აკვაკულტურის მეურნეობების, ასევე შემნახველი საწარმოების მოწყობასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.

განხილვის დასკვნით ეტაპზეა დამატებით 9 განაცხადი, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 7,15 მილიონ ლარს შეადგენს.-

2026 წლის 1 ივლისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოში წარდგენილია 108 განაცხადი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 58,6 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მოიცავს განაცხადის მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის განხილვასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება და აგრობიზნესის განვითარება. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები.