„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა - დაიწყო შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება“, - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.

ივანე აბაშიძის შეფასებით, ნავსადგურის მშენებლობა უკვე ახალ, უფრო მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა.

„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.