თბილისში, Trump Tower-ის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, Trump Tower Tbilisi ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე. ამის შესახებ მან Linkedin-ზე დაპოსტა.
მისი შეფასებით, პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივი იქნება.
„Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი — ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში.
ჩვენს პარტნიორთან, “არქისთან” ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი სთავაზობენ საკუთარ მოქალაქეებსა და სტუმრებს — და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზებაა.
პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ: The Sapir Organization-ი, BLOX Group-ი და Finvest Georgia.
პროექტის არქიტექტორია Gensler-ი, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი არქიტექტურული კომპანია. The Trump Organization-ის გლობალური სტანდარტებისა და Gensler-ის პროფესიონალიზმის შერწყმით შექმნილი პროექტი აუცილებლად გახდება ჩვენი დედაქალაქის ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა და დააწესებს სრულიად ახალ ხარისხობრივ სტანდარტს.
პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივია: მასშტაბური პროექტის ირგვლივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სამშენებლო და ოპერაციულ ფაზებზე, საერთაშორისო ბაზრებიდან უძრავი ქონების შესყიდვის მსურველთა ინტერესის ზრდა და ქართული დეველოპერული ინდუსტრიის შემდგომი განვითარება. აღნიშნული პროექტი არის სტრატეგიული ეტაპი და იგი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე“, - წერს სოსო ფხაკაძე.












