როგორც BBC-ი წერს, ავსტრიაში, HiPP-ის ბავშვთა საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს. ავსტრიის პოლიციამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
კერძოდ, პოლიციას მომხმარებელმა მიაწოდა ინფორმაცია სტაფილოსა და კარტოფილის პიურეს მოწამლული ქილის შესახებ.
პოლიციის ცნობით, ქილა განზრახ იყო დაზიანებული. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ მიმოქცევაშია კიდევ ერთი დაზიანებული ქილა და აქვეყნებენ ინსტრუქციებს, როგორ ამოიცნონ ის მომხმარებლებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანელი გამომძიებლებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ გაფუჭებული ქილები ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც აღმოაჩინეს.
HiPP-მ ავსტრიის „სპარის“ სუპერმარკეტებიდან პიურეების მთელი პარტია გაიწვია. როგორც კომპანიაში განმარტეს, მათი მოხმარება, შესაძლოა, „სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი“ ყოფილიყო.
„პროდუქციის გაწვევა არ იყო გამოწვეული ჩვენი მხრიდან წარმოების ან ხარისხის დეფექტით. ქილები ქარხნიდან იდეალურ მდგომარეობაში გავიდა. ეს დაკავშირებული იყო კრიმინალურ ქმედებასთან, რომელსაც სამართალდამცველები იძიებენ. მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში HiPP-ს საბავშვო საკვების ქილების დაზიანების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა როგორც ავსტრიაში, ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში. პასუხისმგებელმა ორგანოებმა აღნიშნული ქილების შემოწმების შემდეგ დაადგინეს, რომ ისინი ვირთხის შხამს შეიცავდნენ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამავე ცნობით, „სპარმა“ სიფრთხილის ზომები მიიღო და სხვა ქვეყნებში არსებული მაღაზიებიდანაც ამოიღო HiPP-ს საბავშვო საკვები.
ავსტრიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სააგენტომ გააფრთხილა მშობლები, რომელთა ბავშვებმაც HiPP-ს საკვები მიიღეს, კონსულტაციისთვის მიმართონ ექიმს, თუ მათ შვილებს სისხლდენის, ძლიერი სისუსტის ან სიფერმკრთალის ნიშნები აღენიშნებოდათ.
მომხმარებლებს ასევე მოეთხოვებათ, არ მიიღონ Eurospar-ში, Interspar-სა და Maximarkt-ში შეძენილი HiPP-ს საკვები და დააბრუნონ ქილები თანხის დაბრუნების მიზნით.













