Trump organization-ი ახალი პროექტის, Trump Tower Tbilisi-ს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში ქართული კომპანიები Archi Group-ი, Biograpi Living-ი და Blox Group-ი იქნებიან ჩართულები.

„ცენტრალურ პარკზე გადაშლილი ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალური ნაწილი იქნება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

პროექტზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს. მისივე თქმით, მოხარულია, რომ პროექტზე თანამშრომლობა პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან მოუწევს.

ოფიციალურ განცხადებაში კომენტარს ქართული უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლებიც აკეთებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Archi Group-ი, ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი, საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დომინანტი მოთამაშეა, რომელსაც 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ჩაბარებული ბინა აქვს.

„არქი ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია ამბობს, რომ Trump Tower Tbilisi-ს პროექტი შეცვლის ქალაქის ჰორიზონტს და საქართველოს გლობალურ როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.

Biograpi Living-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის თქმით, Biograpi Living-ი მხოლოდ პროექტებს არ ახორციელებს.

„ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში. Trump Tower Tbilisi-ს მსგავსი პროექტებით ქალაქში შემოგვაქვს ახალი მასშტაბი, ხარისხი და გლობალური მნიშვნელობა“, – აცხადებს ის.

Blox Group-ის თანადამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე წარმოადგენს მრავალპროფილიან ჰოლდინგს, რომელსაც ძლიერი პოზიციები აქვს კავკასიის რეგიონში. ლაშა კვაჭაძე აცხადებს, რომ Trump Tower Tbilisi საერთაშორისო ნდობის გამოხატულებაა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

ამასთან, Finvest Georgia-ს თანადამფუძნებლის, ლაშა მელაძის თქმით, „Trump Tower Tbilisi საქართველოსთვის გლობალურ საინვესტიციო რუკაზე მნიშვნელოვანი ეტაპია“.

პროექტი ასევე წარმოადგენს The Sapir Organization-ისპირველ ასეთ საერთაშორისო კომერციულ პროექტს. კომპანიის პრეზიდენტისა და CEO-ს, ალექს საპირის ხელმძღვანელობით, ფირმამ შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები მართა.

„საქართველოში დაბრუნება პირველად მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ვიყავი, ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო. მე ვამაყობ, რომ ჩვენს მეორე შენობას ვაშენებთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ“, – აცხადებს ალექს საპირი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტის არქიტექტურის, დიზაინის და გაყიდვების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.