ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების კუთხით, ასევე სამინისტროს და პირადად მინისტრის ხედვას იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარება მივიღოთ, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, დარგობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა. შეხვედრისას საუბარი შედგა სექტორის განვითარების ხედვასა და შემდგომ სტრატეგიაზე, მათ შორის 10-წლიან გეგმაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.

„ბიზნესი ყოველთვის ღიაა სათანამშრომლოდ. რაც შეეხება დღეს წარმოდგენილ ხედვას, ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უკვე გადაიდგა და რაც დღეს ითქვა, ყველანაირად პასუხობს ბიზნესის, ქვეყნის განვითარების საჭიროებას და უაღრესად საჭიროა გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერებმა იციან - ეკონომიკის სამინისტრო ჰესებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე ფიქრობს და მუშაობს.

„ის, რომ დღეს საზოგადოებამ იცის - მაღალკაშხლიანი, სტაბილურობის მომტანი სისტემისთვის, ჰესებთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ვფიქრობ, რომ ინვესტორებისთვის სექტორს ძალიან მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, ინვესტორების ჩართულობა ძალიან მაღალი იქნება“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.