შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ დღეს სარესტორნო სფეროში ფასები იაფია - ქვეყანაში პრობლემა არ არის ფასები, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არის ანაზღაურება, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს აქვს, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძე მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეების ერთობლივი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ხელფასები იყოს მაღალი და არა ფასი დაბალი.
„მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველო არის სხვა განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძვირი ქვეყანა. არც სერვისის კუთხით, არც გასტრონომიის კუთხით. საქართველო ამ ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო იაფია. მაგრამ შემდეგი კითხვაა: არის თუ არა ფასი სერვისთან შესაბამისი? - დიახ, ეს შეუსაბამოა და შესაბამისად, იმ სერვისს რა ფასსაც იხდი, ეს არ არის ადეკვატური. ამას გარკვეულწილად თავისი მიზეზი აქვს. როცა ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ გარკვეულწილად მოლოდინი, რომ შეიძლება უარესი იყოს მომდევნო თვე, ხშირ შემთხვევაში, არასწორად გათვლის გამო, ხდება ბიზნესის წარმოჩენა, რომ ამ ერთ თვეში უნდათ მოახდინონ მათი შემოსავლის სრული შესაძლებელი რეალიზაცია.
ამიტომაც არის, როცა ჩვენთვის მიუღებელია გარკვეული ფასები არამარტო სერვისთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, თვალსაზრისი რატომ შეიძლება იყოს ძვირი. ამ თემას თუ გვერდით გავწევთ, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ დღეს სარესტორნო სფეროში ფასები იაფია. რა იგულისხმება ამ სიიაფეში - ის სერვისის მიწოდება რაც ღირს, ვალდებულებები სახელმწიფო და სხვა სტრუქტურებთან, სტანდარტების დაცვა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფასები იაფია.
ჩვენ ქვეყანაში პრობლემა არ არის ფასები, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არის ანაზღაურება, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს აქვს. ჩვენს ქვეყანაში სამჯერ მეტი ხელფასები რომ იყოს, ამ შემთხვევაში ფასები ადეკვატური იქნებოდა. ჩვენი ერთობლივი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ხელფასები იყოს მაღალი და არა ფასი დაბალი. ტურისტული ქვეყანა, რომელიც დაბალი ფასებით ოპერირებს, ის მომგებიანი არ არის. ფასი უნდა იყოს მაღალი, მაგრამ ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისად ადეკვატური. ეს არის, ჩემი აზრით, სწორი მიდგომა. თუ ამ სტანდარტებს არ იცავს კონკურენტი, ამ შემთხვევაში, მას ფასი დაბალი აქვს, მაგრამ მომხმარებელი გარკვეული რისკის წინაშე დგას. თუ ყველა სტანდარტი დაცულია, რისკი ნაკლებია.
არცერთ რესტორანს არ აქვს იმის სურვილი, ფასი იმხელა იყოს, რომ მომხმარებელი ვერ შედიოდეს. ფასი იზრდება იქიდან გამომდინარე, რა მოთხოვნებიც არის“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.