აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ Truth Social-ში განაცხადა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, მისთვის „დიდი პატივია The New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სარჩელის შეტანა“, რომელსაც მან „მემარცხენე დემოკრატიული პარტიის რუპორი“ და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი „ყველაზე ცუდი გაზეთი“ უწოდა.

ტრამპის განცხადების თანახმად, 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელი ფლორიდის შტატში შეიტანეს.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა გამოცემა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტის, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ღია მხარდაჭერასა და საკუთარი თავის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ივლისში ამერიკულმა ტელეკომპანია CBS-მა გამოაცხადა The Late Show-ს დახურვის შესახებ, რომლის წამყვანი სტივენ კოლბერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი იყო აშშ-ის საღამოს სატელევიზიო სეგმენტში.