"ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია" - აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე მედიასთან საუაბარში აღნიშნავს, რომ 2026 წლის 13 მარტს ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე კრებაზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ აფბას გავრცელებულ განცხადებას, ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი წილის მფლობელის, ნათია ჯანაშიას მეუღლე, დავით ცეცხლაძე კვლავ ბულინგის ფორმით გამოეხმაურა და ორსული ქალის მიმართ ძალადობრივი შინაარსის კომენტარი გამოაქვეყნა.
აფბას ინფორმციით, საქმე ეხება ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე აქციონერთა კრებას, სადაც განიხილებოდა აკადემიის ახალ სამეწარმეო კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანისა და სააქციო კაპიტალში 70%-იანი აქციონერის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მფლობელობაში მყოფი ოქროყანაში განლაგებული მიწის ნაკვეთის შეტანის საკითხები.
„საქართველოს განათლების ჯგუფის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „კრებაზე ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები.
კერძოდ, ნათია ჯანაშიას მეუღლე დავით ცეცხლაძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლებს. მუქარის ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით
- მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის დავის მონიტორინგის პროცესში ჩვენს მიერ გამოქვეყნებული იყო უკვე დადასტურებული ფაქტის თაობაზე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოლიციის მიერ სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული ნათია ჯანაშიას მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო. ინციდენტის შესახებ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მიერ გავრცელებული განცხადებაც მოწმობს, თუმცა ამ განცხადებაში მომხდარი ფაქტის გამო სინანულის გამოთქმის მაგივრად, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების მიმართ კვლავ მუქარის ფორმაა შერჩეული. ამჯერად ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე მოდავე მხარეებს მომხდარი კრიმინალური ფაქტის თაობაზე პოლიციაში განცხადების დაწერისთვის აპირებენ უჩივლონ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ჯერ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და მერე უკვე სამართალდამცავ ორგანოებში ჩივილით, ორსულად იმყოფება,“ - ამბობს გიორგი კაპანაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაქცია და სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თუმცა, რამდენად გახდება ეს ფაქტი ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძისთვის სიტყვიერი ძალადობის შეწყვეტის მნიშვნელოვან არგუმენტად, ამ ეტაპზე გაუგებარია.
„ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დავით ცეცხლაძის გამოხმაურება, ჩვენ შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს. განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ინციდენტი სპონტანური არ ყოფილა და სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებული დავით ცეცხლაძის კომენტარი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ორსული ქალის მიმართ ძალადობის ფაქტი განყენებული არ არის და მან წინასწარ იცოდა რას და ვის წინააღმდეგ აკეთებდა. მივმართავთ ქალთა ორგანიზაციებს, რომ დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.













