„წელს შეირჩევა შესაბამისი კომპანია და დაუყოვნებლივ დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.

„2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული მოდერნიზაცია. ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების პროექტირება და მშენებლობის დაწყება. გარდა ამისა შეფასდება ბათუმის აეროპორტის გამტარ უნარიანობა და მისი გაფართოების შესაძლებლობა.

მთავრობის განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისკენ. წელს შეირჩევა შესაბამისი კომპანია და დაუყოვნებლივ დაიწყება ინფრასტრუქტურის მშენებლობა რაშიც სახელმწიფო თავადაც მრავალმილიონიან ინვესტიციას ჩადებს. გარდა ამისა, მთავრობა იზრუნებს სხვა პორტების, განსაკუთრებით ფოთის პორტის შესაძლებლობის განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.