საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია თითქმის გამორიცხავს, რომ ირანმა თბილისი-ბაქო-ჯეიჰანზე თავდასხმა განახორციელოს. თუმცა თუ ეს მართლაც მოხდა, ფიქრობს, რომ ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

„ცოტა ეჭვი მეპარება ირანმა ეს გააკეთოს. რა თქმა უნდა, ირანს ამის რესურსი გააჩნია, მას აქვს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მთელი კომპლექსი. თუმცა ვერ ვხვდები, რა მოტივი უნდა ჰქონდეს, რომ ეს განახორციელოს. იქიდან წასული რესურსი თურქეთში მიდის და ჯერჯერობით ირანი მასზე დარტყმას არ აპირებს. თურქეთსაც არ სურს ირანთან ურთიერთობის გამწვავება. თან იქიდან რა რაოდენობა მიდის ისარელის მიმართულებით, დიდად ცნობილი არაა. ბაქო-ჯეიჰანის ძირითადი მომხმარებელი მაინც ევროპული სახელმწიფოებია. თანაც თუ საკითხია ასე, ირანისთვის უფრო მისაღებია ტანკერების განადგურება ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში. ეს მათთვის ოპერატიულად უფრო შესაძლებელია.

აქედან გამომდინარე, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე დატყმებს გამოვრიცხავ. შესაძლოა ეს იყოს რუსული პროპაგანდის ნაწილი, რადგან ვისაც არ აწყობს ამ მილსადენის მუშაობა, ეს რუსული მხარეა. ეს იმიტომ, რომ ნავთობის ფასები იზრდება და ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს ამ ამაღლებულ ფასებზე მანიპულაცია მოახდინოს, მეტი სარგებელი მიიღოს.თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი მისთვის კონკურენტია საერთაშორისო ბაზარზე.

თუ ეს განახორციელა ირანმა, ეს მოხდება ისევ რუსული დივერსიის სახით. რა თქმა უნდა, მასზე თავდსხმა პრესტიჟის მომენტიცაა და ის ზიანს მიაყენებს საქართველოს სატრანზიტო იმიჯსაც.

აზერბაიჯანი ომში ჩართვას არ განიხილავს. საქართველოც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნეიტრალიტეს ინარჩუნებენ. ევროპაც კი გვერდზე გადგა და აზერიბაიჯანი მითუმეტეს, ამას არ იზამს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".