სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სკოლა „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში შემოწმებისას ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში. შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს „თანამედროვე განათლების აკადემიაში“ ხმაური იყო - მშობლები მოითხოვდნენ სკოლაში არსებულ კაფეტერიაში ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციასა და ანტისანიტარიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და პასუხისგებას.

როგორც ერთ-ერთი მშობელი აღნიშნავს, სკოლაში არსებულ კაფეტერიაში ირანული და ჩინური ბაზრიდან შემოსული პროდუქტი შეჰქონდათ, რომელსაც ვადა 2023 წლამდე ჰქონდა. ამასთან, საუბრობენ ანტისანიტარიაზე და აღნიშნავენ, რომ ბავშვები პერიოდულად ცუდად ხდებოდნენ.

“საუბარია ვადაგასულ პროდუქციაზე. ირანული და ჩინური ბაზრიდან შემოსული პროდუქცია იყო კაფეტერიაში, რომელსაც 2023 წელს გაუვიდა ვადა. ანტისანიტარია იყო კაფეტერიაში. დილიდან მოსული იყო სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე ვითხოვთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, ვადაგასულ პროდუქტში რა სახის ბაქტერიები იყო.... ბავშვები ჭამდნენ ამ პროდუქტს და პერიოდულად ყველას ხან მუცელი სტკიოდა, ხან - რა, ცუდად ხდებოდნენ. გვაინტერესებს რა შედეგებს იწვევს ის პროდუქტი, რასაც ბავშვები მოიხმარდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტო შემოვიდა, აღწერეს ყველაფერი და დალუქეს, სანამ სკოლა შესაბამისობაში არ მოიყვანს პირობებს, გახსნა იკრძალება. მშობლები ვითხოვთ დადგეს ხელმძღვანელის, მფლობელების პასუხისმგებლობა. დირექციის პასუხი იყო ის, რომ იჯარით ჰქონდათ მიცემული კაფეტერია მომსახურე კომპანიაზე, ჩვენი არ იყოო. არ ვიცოდით რა ხდებოდაო, რას ნიშნავს არ იცოდნენ?! ვალდებულები არიან წესები დაიცვან, ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ. დღეს ამბობენ რომ ყველაფერს მიხედავენ“,- აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“.














