„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ოფიციალურად ამოქმედდა, რაც სიგარეტების შეფუთვის განახლებას გულისხმობს. ნაწარმი სადა, სტანდარტიზებულ შეფუთვაში უნდა მოთავსდეს. ძველი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 2025 წლის 1 აპრილამდეა შესაძლებელი. აღნიშნული თარიღიდან სიგარეტის კოლოფები ჟანგის ფერი იქნება. ცვლილება არ შეეხება კოლოფის ფორმას. რეგულაცია გასახურებელ სიგარეტზე ,,IQOS"-ზეც უნდა გავრცელებულიყო, თუმცა 2023 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნორმა ,,IQOS''-ს აღარ შეეხო.

გასახურებელი სიგარეტის შეფუთვის უცვლელად დატოვებას კორუფციულ გარიგებას უკავშირებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე. გიორგი ბახტურიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ,,ფილიპ მორისმა“ მისი პროდუქციის შეფუთვის უცვლელად დატოვების მიზნით კორუფციულ გარიგებას მიმართა და მთავრობას კანონიდან რეგულაციის ეს ნაწილი ამოაღებინა.

,,თავიდან რეგულაცია ,,IQOS''-ზეც ვრცელდებოდა, მაგრამ ,,ფილიპ მორისმა’’ კორუფციული გარიგებებით მოახერხა და ამოაღებინა მთავრობას ეს რეგულაცია. მოგეხსენებათ, რამდენიმე ქვეყანაში უკვე ,,IQOS''-ზეც ვრცელდება სადა შეფუთვის ნორმა, რადგან ეს ნაკლები ზიანის მომტანი არ არის მოსახლეობისთვის.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში გიორგი ბახტურიძე.

საკითხის შესწავლის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებებს სამჯერ მიმართა, თუმცა 2-ჯერ მათგან წერილობით ერთი და იგივე პასუხი მიიღეს. ანტიკორუფციულმა ბიურომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.

,,ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო. ჩვენ მივმართეთ უსაფრთხოების სამსახურს, მივმართეთ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ გამოეკვლიათ და გამოეძიებინათ ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდი. 2-ჯერ გამოკითხვაზე დაგვიბარეს. შემდეგ მოგვწერეს ოფიციალურად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იყო. პარლამენტის წევრს აქვს ინიციატივა გაფორმებული და პარლამენტის წვერი, რომ მისცე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში პარლამენტის თანხმობა გჭირდება. იქ ხომ სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართული. ბიზნესს ომბუდსმენია პირადად დაინტერესებული, იქ ეკონომიკის სამინისტროა, ბევრი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში გიორგი ბახტურიძე.

,,თამბაქოს კონტროლის ალიანსის’’ თავმჯდომარეს ვკითხეთ, რატომ შეიძლება დათანხმებულიყვნენ ,,ფილიპ მორისის’’ მოთხოვნას და რეგულაციიდან მისი პროდუქტი ამოეღოთ, რაზედაც გვიპასუხა: ,,რატომ მისცემდნენ თანხმობას თქვენი აზრით, ლოგიკურად? ან საარჩევნო პროცესში ფულს იხდიან ან ვიღაცა კონკრეტული ჯიბეში იდებს იმ ფულს. მე ვარ არასამთავრობო სექტორი. ვუყურებ ამ რეალობას და ვაფასებ. ვამბობ, რომ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს.’’- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

სიგარეტის განახლებული, სადა შეფუთვით რეალიზაციის რეგულაცია 4-ჯერ გადავადდა. კანონში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებით, რეგულაცია სიგარეტის გარდა სხვა ტიპის თამბაქოს ნაწარმზეც ვრცელდებოდა. მათ შორის იყო გასახურებელი თამბაქოც. თუმცა ამ უკანასკნელის შეფუთვის წესები - შეფუთვის ზომა, გაბარიტები, წარწერის ზომა და სხვა პარამეტრები დეტალურად გაწერილი არ იყო.

2023 წლის 24 ოქტომბერს ,,თამბაქოს კონტროლის ალიანსმა’’ განცხადება გაავრცელა, სადაც თამბაქოს ინდუსტრიის მოთხოვნას გამოეხმაურა. მაშინ თამბაქოს ინდუსტრიამ პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომ „ფილიპ მორისის“ წარმოებულ გასახურებელ თამბაქოზე (ე.წ. IQOS) სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვის ნორმა საერთოდ არ გავრცელებულიყო. მანამდე იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის 31 მაისს პარლამენტში, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ სადა შეფუთვის არც ნორმა და არც მისი ამოქმედების ვადები აღარ გადაიხედებოდა და 2024 წლის 31 ივლისიდან ახალი რეგულაციის ძალაში შესვლას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. თუმცა ამ განცხადების შემდეგ, ახალი რეგულაციის ამოქმედების ვადამ კიდევ ერთხელ გადაიწია.

commersant.ge