რა ნაწილში შეეხება „რუსული კანონი"“ ბანკებს და რა ინფორმაციის გაცემა მოუწევს სექტორს საჯარო რეესტრისთვის - ეს კითხვები BMG-იმ "ქართული ოცნების" წევრებს დაუსვა. მათმა ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა, ნაწილის პასუხი კი ისევ კითხვებს ტოვებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აღიარებს, რომ კანონი ბანკებსაც შეეხება.

„კანონში არ არის რაიმე მექანიზმი, რომ ბანკს მონაცემების გამოქვეყნების აპრიორი ვალდებულება აქვს. თუ წარმოების პროცესში იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მას ასეთ მონაცემებზე დაშვება სჭირდება, ეს პროცედურაც კანონით არის განსაზღვრული", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, რომელ კანონს გულისხმობდა ის. შესაბამისად, რას ნიშნავს შესაბამისი მოქმედება და რა ინფორმაციის მოთხოვნა შეეძლება იუსტიციის სამინისტროს, უცნობია. ამასთან, თალაკვაძე პირობას დებს, რომ პერსონალური მონაცემები დაცული იქნება.

„პერსონალური მონაცემები დაცული იქნება, როგორც ეს კანონმდებლობაშია განსაზღვრული. არანაირი სტანდარტი ამ მიმართულებით არ იცვლება“, - თქვა მან.

გადაფარავს თუ არა "რუსული კანონი" როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ისე კომერციული ბანკების შესახებ კანონს, ბუნდოვანია.

 

ვრცლად: bm.ge