„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ BARTA - ს კონკურსი დაიწყო. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ წელსაც BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია.

2026 წლის თებერვალში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 10 საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. მათ შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, BARTA გამოავლენს „საუკეთესო დებიუტანტ კომპანიას“. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს დამწყებ კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგების რეფორმის ინიციატივა წამოაყენა. BARTA-2025 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიგვაჩნია, რომ ჩვენი სოციალური ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ კომპანიები, რომ მათ დაამკვიდრონ და დანერგონ თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების კორპორაციული მმართველობა და ამ კორპორაციული მმართველობის ნაწილია სწორედ იმ ანგარიშების წარდგენა, რომელიც ქვეყნდება და საჯაროა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს უმაღლესს სტანდარტებს, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას, ღიაობას. კონკურსი თავის მხრივ, მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას, რადგან საუკეთესოდ დასახელების შემთხვევაში ნიშნავს, რომ ხარ გამჭვირვალე, თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანია, რაც გარკვეულწილად ქმნის კონკურენტულ უპირატესობას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.