ქართული საექსპორტო თხილი გაძვირდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქაჯაიამ განუცხადა. მისი თქმით, გაძვირების ერთ-ერთი უმთავრესი და გადამწყვეტი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით თხილის დაბალი მოსავალი გახდა. ამ დროისთვის ერთი კილოგრამი საექსპორტო თხილის ღირებულება 11 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, ევროპაში ბოლო წლების განმავლობაში თხილის ყველაზე ცუდი მოსავალი დაფიქსირდა.

კერძოდ, იტალიის ისეთ რეგიონებში, როგორიც პიემონტი, ლაციო და სიცილიაა, წლევანდელ სეზონზე მოსავლის აღება ჩვეულებრივზე ადრე, ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მიზეზი ცუდი მოსავალია, რამაც, დაახლოებით, 70 000 ტონა შეადგინა და რაც ჩვეულებრივი რაოდენობის, თითქმის, ნახევარია. ეს ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი შედეგია.

ლევან ქაჯაიას თქმით, თხილის საექსპორტო ფასი გასულ წელს 7 ევროს შეადგენდა, ამ დროისთვის კი ღირებულება 11 ევრომდე არის გაზრდილი.

„თხილის გულის საექსპორტო ფასი დაახლოებით 11 ევროა და სწორედ ამ ფასად გადის ევროპაში. ამ ეტაპზე 45 000 ტონა გაუეტეხავი თხილის მოსავალი გვაქვს, ეს დაახლოებით იგივე მოცულობაა, რაც გასულ წელს. ექსპორტზე კი გადის თხილის გული“ - განაცხადა ქაჯაიამ.

მისი თქმით, პროდუქტის ქართული თხილის 80% და მეტი ყოველთვის გადის ევროკავშირის ქვეყნებში და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.

რაც შეეხება მოთხოვნას, ლევან ქაჯაიამ აღნიშნა, რომ სეზონის დასაწყისში ის საკმაოდ მაღალი იყო. ამის მიზეზი კი ჯერ კიდევ დაბალი ფასი იყო.

„სეზონის დასაწყისში გამორჩეულად მაღალი იყო მოთხოვნა, რადგან ფასი იყო დაბალი, ვიდრე თურქეთში, შესაბამისად, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი ძალიან დატვირთული იყო, ნოემბერი შედარებით ნაკლებად, თუმცა წინ არის ნახევარი ნოემბერი და წინასაახალწლო პერიოდი, ამიტომ შესაძლოა, გაიზარდოს მოთხოვნა“ - განაცხადა მან.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 76.342 მლნ დოლარის ღირებულების 9 222 ტონა ნაჭუჭგაცლილი თხილი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 50.467 მლნ დოლარის 7 173 ტონა. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს ერთი კილოგრამი თხილის საექსპორტო ფასი იყო 8.3 დოლარი, გასულ წელს კი 7 დოლარი.

რაც შეეხება კონკრეტულად ოქტომბერს, იმასთან დაკავშირებით მონაცემებს, თუ რა მოცულობის თხილის ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან და როგორი იყო საშუალო ფასი, საქსტატი მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.