ყველას ჰყავს მასწავლებელი, რომელიც არასოდეს ავიწყდება. ის, ვინც იმაზე მეტი ასწავლა, ვიდრე წიგნებში ეწერა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჩაუნერგა, თავგადასავლებითა და სირთულეებით სავსე სამყაროს შეცნობის ჟინი გაუღვიძა. სწორედ ასეთი გამორჩეული პედაგოგების აღმოსაჩენად და დასაფასებლად შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ფინალისტებს შორის წელს თბილისის 70-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, შალვა მინდაძეა. მასწავლებლობამდე ისტორიის კვლევით და ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობდა. 2017 წელს “ისტორიის პლატფორმა” შექმნა - სივრცე, სადაც მოხალისეობრივად აზიარებდა ცოდნას. სწორედ ამ პლატფორმამ დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო და ხელმისაწვდომი განათლება და სურვილი გაუჩნდა, ისტორიის სიყვარული კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიეტანა:

“ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეიძლება მაშინ, როცა ბავშვებთან ერთად ქმნი ცოდნას და არა მხოლოდ გადასცემ. ისტორია ბავშვობიდანვე მიყვარდა, პატარაობაში ხელით ვაკეთებდი ყველა ეპოქის იარაღს და ვოცნებობდი, რომ ოდესმე ეს ინტერესები ბავშვებამდე მიმეტანა”.

შალვა გვიყვება, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. 2 წელი ქალაქ მარნეულში არაქართულენოვან მოსწავლეებს ასწავლიდა. ხშირად აწყდებოდა სისტემურ პრობლემებსა და ზოგჯერ მოტივაციის კრიზისსაც. თუმცა, სწორედ ეს სირთულეები იქცა განვითარების ბიძგად და საჭირო გამოცდილებად:

“ჩემი მთავარი პრინციპია, მოსწავლე იყოს პროცესის ცენტრში და არა გვერდით მდგომი. მე არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, საგნის თემა მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებს დავუკავშირო. ვაძლევ თავისუფლებას, აირჩიოს, როგორი ფორმით მოამზადებს დავალებას. იქნება ეს პროექტის წარდგენა, პრეზენტაცია, ვიდეო, ესსე თუ ნახატი. ასე სწავლა ხდება სასიამოვნო პროცესი და არა ვალდებულება”.

ისტორიის სწავლა მხოლოდ თარიღების და სახელების დამახსოვრება არ არის. შალვაც ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს საგნის მნიშვნელობა დაანახოს:

“ისტორია ბავშვებს ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, არჩევანის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას. ჩვენი გაკვეთილები მხოლოდ წიგნებითა და ტექსტებით არ შემოიფარგლება. ვიყენებ დისკუსიებს, დებატებს, ისტორიულ სიმულაციებს, პროექტებს, ონლაინ რესურსებსა და თამაშით სწავლების მეთოდს. ბავშვებმა უნდა დაინახონ, რომ ისტორია ცოცხალია და უშუალოდ უკავშირდება ყოველდღიურობას. მართალია, იგი არაზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის ზუსტ პასუხებამდე მივყავართ”.

როგორც შალვა ამბობს, კონკურსში მონაწილეობა კოლეგებმა გადააწყვეტინეს. ფინალისტობა მისთვის არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ გზავნილია, რომ მასწავლებლის შრომა შეიძლება აღიარებული და დაფასებული იყოს:

“ასეთი პროექტებით მასწავლებლის პროფესია საზოგადოებისთვის უფრო ხილვადი ხდება, პედაგოგების ახალ თაობას კი მოტივაცია ემატება. გრძნობენ, რამდენად მნიშვნელოვნები არიან საერთო კეთილდღეობისთვის. მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ყველა იმ ბავშვის წინაშე, რომელსაც მისცემ რწმენას, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლია“.

ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი- საქართველოს ბანკი, გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი: ganatleba.bog.ge