საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული მორიგი კონსულტაციების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად საოცრად კარგი შედეგები აჩვენა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლიდან წელიწადში საშუალოდ 9-პროცენტიან მაჩვენებელს აჭარბებდა, ხოლო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა.

„საქართველოს ეკონომიკამ გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად საოცრად კარგი შედეგები აჩვენა. 2021 წლიდან [ეკონომიკის ზრდის] საშუალო წლიური მაჩვენებელი 9% აღემატებოდა, ინფლაცია ორწლიანი ჩამორჩენის შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ის 36%-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ეკონომიკის ასეთი მაღალი ზრდა განპირობებული იყო COVID 19 პანდემიიდან კარგი გამოსვლით, საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სექტორების განვითარებით, რაც, თავის მხრივ, იმიგრაციიდან, ფინანსური სახსრების მოზიდვიდან და ტრანზიტული ვაჭრობიდან მომდინარეობდა, რომელიც უკრაინაში ომს უკავშირდებოდა.

ამ ტენდენციებმა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდას, უმუშევრობის დონისა და სიღარიბის შემცირებას შეუწყო ხელი. მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ძლიერი ლარის გამო ინფლაცია დაბალი რჩებოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პერსპექტივაში 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 7,2%-მდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში - 5%-მდე დავა. „მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე ნიშნულთან დასტაბილურდება იმ შემთხვევაში, თუ ფრთხილი ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა გატარდება“, - აღნიშნავს სსფ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინაში ომის დასრულებამ, შესაძლოა, მიგრაციითა და ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული სარგებელი შეამციროს, მაგრამ მყარმა რეგიონულმა სტაბილურობამ და აღდგენის ზრდამ, შესაძლოა, ამის კომპენსირება მოახდინოს.

სსფ-ის განცხადებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობის პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდულია, აშშ-ში ექსპორტის საქართველოს დაბალი წილის და ძირითადი საქონლის მიმართ პრეფერენციული რეჟიმის გათვალისწინებით. თუმცა, ინვესტორთა განწყობის შესუსტების, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელების ან მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების არაპირდაპირი ეფექტები, შესაძლოა, ექსპორტს დააზარალებს და იმპორტის ხარჯებს გაზრდის.

საქართველოს შეუძლია ისარგებლოს ნავთობის დაბალი ფასებით და ვაჭრობის გადამისამართების ზრდით. შიდა დონეზე გაზრდილმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და პოტენციურმა სანქციებმა შეიძლება შეამციროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი და ზეწოლა მოახდინოს ლარზე. საქართველოს ფისკალური და ფინანსური ბუფერები ხელს შეუწყობს უარყოფითი შოკების შერბილებას, აღნიშნულია ანგარიშში.

სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ გაზრდილი შიდა და გლობალური გაურკვევლობის პირობებში პრიორიტეტულ ამოცანებად რჩება რეზერვების გაზრდა და სტრუქტურული რეფორმების გატარება შოკების მიმართ მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სამუშაო ადგილების ძლიერი, ინკლუზიური ზრდის შენარჩუნება.