საქართველოში შემოსული ავტომობილების ნაწილი გასაყიდი რჩება. ამის მიზეზი უცხოელი დილერები არიან, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ავტომობილებს ყიდულობენ და საქართველოდან რეექსპორტზე გაჰყავთ. შედეგად, უცხოელები ქართველებს დიდ კონკურენციას უქმნიან, რის მოგვარებასაც ადგილობრივი ავტოიმპორტიორები ითხოვენ.
სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ წლების განმავლობაში ავტომობილების რეექსპორტი მოწინივე პოზიციაზეა, თუმცა ირკვევა, რომ ამ მიმართულებით უცხოელი დილერები აქტიურობენ და ქართველ ბიზნესმენებს დიდ კონკურენციას უქმნიან.
გამოდის, რომ რეექსპორტზე გასული ავტომობილების უკან უმეტესწილად უცხოელი დილერები დგანან. აღნიშნულ პრობლემაზე ისაუბრა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა და განაცხადა, რომ ქართველი დილერები მცირე რაოდენობის ავტომობილებს ყიდიან და რეექსპორტზე ძალიან დაბალ ფასად გაჰყავთ მანქანები.
„პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ კონკურენციაში შემოდიან უცხოელი დილერები და ჩვეულებრივად გაჰყავთ ავტომობილი საქართველოდან. ესენი არიან ყაზახები, ყირგიზები, ტაჯიკები და სხვა. უცხოელი დილერები თავიანთი ქვეყნიდან ყიდულობენ ავტომობილს, უთითებენ ბათუმის ან ფოთის პორტს, შემდგომ ჩამოდიან საქართველოში, ჩადიან ზღვის პირას ქალაქებში და ასე გაჰყავთ მანქანა. რეექსპორტის თანხას იხდიან და ავტომობილები ჩვეულებრივ გაჰყავთ თავიანთ ქვეყანაში.
რაც შეეხება ქართველ ავტოიმპორტიორებს და დილერებს, ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება ავტომობილები და ეს არ არის ის ოდენობა, რაზეც შეგვიძლია ვთქათ, რომ საქართველოს ბაზარს, რომელიც გაჯერებულია მანქანებით, რეექსპორტის კუთხით, აქვს რაიმე წინსვლა. ასე არ არის, პირიქით, იკვეთება ჩამორჩენა, წინა წლებთან შედარებით, სანამ ასე მოხდებოდა, სანამ უცხოელები ასე დაიწყებდნენ საქართველოდან ავტომობილების გაყვანას.
სიტუაცია არის ასეთი, რომ ან იყიდება ავტომობილი საქართველოში და ძალიან დაბალ ფასად რეექსპორტზე გადის. უცხოელი დილერები ისინი აწესებენ თავიანთ ხელოვნურ ფასებს. სიტყვაზე, თუ ავტომობილი ღირს 10 ათასი დოლარი, უცხოელი დილერები მიდიან ქართველ ავტოიმპორტიორებთან და 6-7 ათას დოლარზე მეტს არ სთხოვენ. ზოგჯერ კი 5 ათას დოლარს, ნახევარსაც კი სთავაზობენ, მაშინ, როდესაც ავტომობილის საქართველომდე ჩამოყვანა შეიძლება დაჯდეს 9 ათასი დოლარი. ამ ფასებს პირობითად ვასახელებ, თუმცა მდგომარეობა ისეთია, რომ ქართველი იმპორტიორი ან ვეღარ გადის მოგებაზე ანდა ძალიან მინიმალურზე. მათ ავტომობილის გაყიდვა ძირითადად ნაკლებ ან თავის ფასში უწევთ. მოგეხსენებათ, რომ შიდა ბაზრის მომხმარებელი არ არის მაღალ გადამხდელუნარიანი და შესაბამისად, ძვირი ავტომობილი რამდენიმე წლითაც კი რჩება გასაყიდი და გაჩერებულა ავტობაზარზე ან კიდევ რეექსპორტზე გადის დაბალ ფასში. რეალურად, ქართველი ავტოიმპორტიორისთვის მოგების მარჟა აღარ არსებობს", - განუცხადა „რეზონანსს" ლაშა დარბაისელმა და დასძინა, რომ „წლიდან-წლამდე საქართველოს ბევრი გასაყიდი ავტომობილი რჩება. გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი მანქანა კი ფუჭდება".
ამავე ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა, რომ არსებული ვითარება ადგილობრივი დილერებისთვის გამოწვევაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ სექტორში ყაზახი და ყირგიზი შუამავლები ისევ აქტიურად მუშაობენ.
„რეექსპორტის ბაზრები არ შეცვლილა, ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოდან ავტომობილები გადის ისევ ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა ავტომობილების ვაჭრობის მოცულობის ზრდის პარალელურად, ბაზარი მაინც პროფიციტური რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ავტომობილების ნაწილი, რაც ზედმეტობით იყო ბაზარზე, ჯერჯერობით არ გაყიდულა. კერძოდ, 2023 წელს ქვეყანაში 60 ათასით მეტი ერთეული მანქანა შემოვიდა და ის რაოდენობა ჯერ სრულად არაა გაყიდული. ზაფხული ამ მიმართულებით ყველაზე აქტიური სეზონია და იმედია, რომ ამ პერიოდში ავტომობილების ნაწილი გაიყიდება. პროფიციტური ბაზრის პარალელურად, გაზრდილი კონკურენციის პირობებში უწევთ ადგილობრივ დილერებს მუშაობა.
ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბაზარი იზრდება, მაგრამ აქ არის საკითხი, თუ ვის ხარჯზე იზრდება. არის თუ არა ზრდა ყაზახი და ყირგიზი დილერების ხარჯზე, რომლებიც საქართველოს უკვე როგორც ტრანზიტულ პუნქტს ისე განიხილავენ, თუ ქართველი დილერის ხარჯზე, რომელიც ავტომობილს სერვისს უწევდა და დამატებით ღირებულებას ადგილზე ქმნიდა. ძნელია ამაზე ზუსტი ციფრებით ვისაუბროთ. თუმცა ადგილობრივი დილერების აღქმით, კონკურენცია გაიზარდა, ქვეყანაში ბევრი უცხოელი დილერი შემოვიდა და სულ უფრო ნაკლები თანხა რჩება ჩვენს დილერებს და შესაბამისად, ქვეყანას მოგების სახით", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ „ბიზნეს მედია ჯორჯიასთან".
სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციით სიტუაციის გამოსწორებას ეცადა ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი, თუმცა ცნობილია, რომ, ამ ეტაპზე, ყველაფერი დაპაუზებულია, რადგან როგორც „რობანი მოტორსის" ხელმძღვანელმა ელგუჯა ჯამაგიძემ განაცხადა, შესაბამისი ხელმძღვანელი პირები სხვებმა შეცვალეს.
„ვერ ვიტყვი რომ არ არის, მაგრამ გართულებულია ავტომობილების რეალიზაცია. ფუნქციით რასაც ჰაბი ჰქვია, ფაქტიურად იკარგება, იქიდან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები კონკურენციაში შემოდიან ქართველებთან. ეს პრობლემაა იმიტომ, რომ ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, რომლებიც ჩვენს ბაზარზე შემოდიან, პირდაპირ უშუალო კონტაქტზე არიან. ადრე ასე იყო, ქართველებთან ათვალიერებდნენ ავტომობილებს და ინფორმაციას აწვდიდნენ თავიანთ კლიენტს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამერიკაში ყიდულობენ ავტომობილებს, საქართველოში ჩამოჰყავთ, აქვე თავიანთი სახელოსნოებიც კი იქირავეს, სადაც მანქანებს აკეთებენ და კლიენტებს აკმაყოფილებენ თავიანთი ჩამოყვანილი ავტომობილებით. ამის გამო კი, ფაქტობრივად, ქართველ დილერებს შეექმნათ პრობლემა, რომელიც არ არის ერთეული შემთხვევა, რადგან ამაზე საუბრობს დილერების უმეტესობა, რომლებიც ათეული წლობით მუშაობენ ამ სფეროში და დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ამ ბიზნესის განვითარებაში.
ჩვენ გვქონდა საუბარი შემოსავლების სამსახურთან, რომ რაღაც დონეზე კონტროლის ქვეშ მოქცეულიყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ფაქტიურად არალეგალურად მუშაობენ, რადგან სახელმწიფო ხაზინაში შემოსავალი არაფერი არ არის მათი მხრიდან. არც იბეგრებიან, ავტომობილები ჰყავთ ტრანზიტზე, პირდაპირ რეექსპორტს ახდენენ და იხდიან სადღაც 300 ლარს, დანარჩენი სხვა ხარჯი არ აქვთ.
რაღაც დონეზე შევთანხმდით, რომ ნაწილ-ნაწილ მოგვარებულიყო პრობლემა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ შეიცვალა ფინანსთა მინისტრი, შეიცვალა დაბლა რგოლის ხელმძღვანელობაც. არადა, რაღაც კონსენსუსამდე ვიყავით მისულნი, თუმცა ის ხალხი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და ახალი შეხვედრები მოგვიწევს, თუმცა რამდენად რეალური და მოთხოვნებზე მორგებული იქნება, არ ვიცი.
ბაზარზე ძალიან ბევრი ავტომობილია, რომლებიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქის. ქართველ დილერებთან, თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ გამყიდველებს, სავალალო მდგომარეობაა", - უთხრა „რეზონანსს" ელგუჯა ჯამაგიძემ.
ცნობისთვის, იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, 6 თვეში ქვეყანაში 1.66 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა. ეს წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება რეექსპორტს, წელს 6 თვეში საქართველომ რეექსპორტზე 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიტანა, რაც 30%-იანი ზრდაა.
წყარო: resonancedaily.com