“არასრულწლოვანებისთვის თამბაქოს პროდუქტების მიყიდვა არ უნდა ხდებოდეს, ამ კუთხით, როგორც ჩანს, კონტროლი საკმაოდ გასაძლიერებელია, რათა მათ ჩვეულებრივი სიგარეტისა და ელექტრონული სიგარეტის შეძენა არ შეეძლოთ” – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თამბაქოს კონტროლის ცენტრის” დირექტორმა, გიორგი მაღრაძემ განაცხადა.
მაღრაძემ მოზარდებში თამბაქოს მოხმარების შესახებ ბოლო კვლევის შედეგები შეაფასა.
“კვლევების სახით ძალიან საინტერესო შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა” გაავრცელა. ეს შედეგები 2 კვლევის ფარგლებშია მიღებული, ერთია თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში, რომელიც 13-დან 15 წლამდე მოზარდებში თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის მოხმარების კვლევას მოიცავდა. მეორე კვლევა კი 16- 17 წლის ასაკის ახალგაზრდებში ჩატარდა, სადაც ასევე თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის მოხმარებას სწავლობდნენ.
რა გვიჩვენა ამ კვლევებმა: თამბაქოს რომელიმე პროდუქტის მოხმარება 13-15 წლის მოსწავლეებში 14%-ს შეადგენს, ვაჟებში 16,3%-ს, გოგონების შემთხვევაში 11,2%-ს. თამბაქოს რომელიმე პროდუქტში მოიაზრება ნებისმიერი პროდუქტი, გარდა ელექტრონული სიგარეტებისა, აქ შეიძლება, შედიოდეს ჩვეულებრივი სიგარეტიც, გასახვევი თამბაქო, თუთუნი, გასახურებელი თამბაქო. ამ კუთხით, კვლევა თამბაქოს პროდუქტების მოხმარების გარკვეულ კლებას აჩვენებს. კლება, დაახლოებით, 1,5%-ის ფარგლებშია, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არ არის ისეთი კლება, როგორიც სასურველი იქნებოდა, როგორც შეიძლებოდა, უფრო მწყობრი, მიზანმიმართული ქმედებებით მიგვეღწია. რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, საქართველოში 2018 წლიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საკმაოდ დაიხვეწა, გაცილებით უფრო კარგი, ქმედითი ნორმებია ჩადებული, თუმცა 2021 წლიდან, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული ამ კანონმდებლობის შესუსტება მიმდინარეობს, ნაცვლად იმისა, რომ გარკვეული მიმართულებები გაძლიერდეს, მაგალითად, ისეთი როგორიცაა თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების ზრდა, რაც ხელმისაწვდომობას შეამცირებდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ან როგორიცაა ამ პროდუქტების ხილვადობის მთლიანად დაფარვა, ასევე უფრო მეტი კონტროლი იმაზე, რომ არასრულწლოვანებს ეს პროდუქტი არ მიეყიდოთ და ა.შ.
ნაცვლად ამისა, ამ პროდუქტების ინტენსიური რეკლამირება მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. მაგალითად, თამბაქოს ინდუსტრია ინტენსიურად ავითარებს იმ აზრს, რომ თამბაქოს ახალი პროდუქტები, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი, თითქოს, ნაკლები რისკის შემცველია. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, უფრო კარგი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ეს კლებაც გარკვეულწილად, კარგია, დადებითი მომენტია, თუმცა, სასურველია, რომ კლება მეტად იყოს.
ჩვენ ვისაუბრეთ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებაზე, მეორე მიმართულება ელექტრონული სიგარეტებია, სადაც დაფიქსირდა, რომ ელექტრონულ სიგარეტებს მოსწავლეთა 11,3% მოიხმარს. ადრე, 2019 წელს გაკეთებულ კვლევასთან შედარებით, მატება არაა.
შემდგომ თუ ჩავუღრმავდებით, გარკვეულწილად ამ კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ელექტრონულ სიგარეტებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია. მოზარდებს აქვთ საშუალება, ეს პროდუქტები ძალიან მარტივად იყიდონ, რაც გამოწვეულია გარკვეული ხარვეზებით, აღსრულების ხარვეზებით. არასრულწლოვანებისთვის თამბაქოს პროდუქტების მიყიდვა არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამ კუთხით, როგორც ჩანს, კონტროლი საკმაოდ გასაძლიერებელია, რათა მათ ჩვეულებრივი სიგარეტისა და ელექტრონული სიგარეტის შეძენა არ შეეძლოთ. ცალკეული შემთხვევები დაგვიფიქსირებია, როცა მაღაზიაში კონსულტანტმა მოზარდს ელექტრონული სიგარეტი არ მიჰყიდა, მაგრამ დაგვიფიქსირებია ისეთი შემთხვევებიც, როცა მოზარდმა ეს პროდუქტი ძალიან მარტივად შეიძინა”- განაცხადა მაღრაძემ.
გიორგი მაღრაძემ განმარტა, თუ რა საფრთხეს უქმნის ელექტრონული სიგარეტი ჯანმრთელობას.
“თამბაქოს ახალი პროდუქტები, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მასობრივად რეკლამირებულია. იმ მომენტს უსვამენ ხაზს, თითქოს, ის გაცილებით უსაფრთხოა, თუმცა, ბოლო დროს ბევრი დამოუკიდებელი კვლევა გამოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავ რისკს უჩვენებს.
ყველაზე მთავარი რის შემდეგაც ინტენსიური კვლევები დაიწყო – აშშ-ში, ახალგაზრდებში უცაბედი სიკვდილის შემთხვევები ფიქსირდებოდა, შემდეგ როცა ნახულობდნენ, ფილტვის ქსოვილი მთლიანად დაშლილი იყო, როდესაც შემთხვევები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ადამიანები, “ვეიპების” და ელექტრონული სიგარეტების მომხმარებლები იყვნენ. ამის საფუძველზე ამ დაავადებას “ევოლი” ეწოდა, რომელიც ელექტრონული სიგარეტის და “ვეიპების” მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებაა. ამის შემდეგ ბევრი კვლევა დაიწყო, რომელთა შედეგი აჩვენებს ამ პროდუქტების უარყოფით ზემოქმედებას როგორც ფილტვებზე, ასევე გულ- სისხლძარღვთა ასევე, ნერვულ სისტემაზე.
გარდა იმ რისკებისა, რომელიც ჩვენთვის ჩვეულებრივ სიგარეტთან დაკავშირებითაა ცნობილი, ელექტრონულ სიგარეტებთან მიმართებით კიდევ ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი იქნა ნაჩვენები, განსაკუთრებით მოზარდებში – ესაა ნერვული სისტემის განვითარების მკვეთრი შეფერხება, რაც დამეთანხმებით, შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეს. ყველაზე მთავარი – ყველა ეს პროდუქტი ნიკოტინს გარკვეული სახით შეიცავს. ნიკოტინი კი ჩვეულებრივი სიგარეტის, თუ ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში დამოკიდებულებას განაპირობებს.
ხსენებულ პროდუქტებზე თავის დანებება ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც თავის დანებება სურს, ვურჩევდი, დაივიწყონ ის აზრი, რომ, თითქოს, რომელიმე პროდუქტი თავის დანებების საშუალებაა. მაგალითად, თავიდან მოწოდებული იყო აზრი, რომ გასახურებელი თამბაქო, ან ელექტრონული სიგარეტი თავის დანებების საშუალებებია, კვლევებმა კი აჩვენა, რომ ისინი მეტი დამოკიდებულების განვითარების საშუალებაა. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მოწევას თავი დაანებოს, არცერთ პროდუქტს არ უნდა გაეკაროს. მთავარი და მნიშვნელოვანი – პატივი სცეს თავის გადაწყვეტილებას და თამბაქოს პროდუქტს აღარ მიუბრუნდეს. ამისთვის სხვადასხვა საშუალებაა: მაგალითად, ექიმები ურჩევენ, მოწევის სურვილის გაჩენის შემთხვევაში ყლუპ-ყლუპად წყალი დალიონ, ან სხვა საქმეზე გადაერთონ, გაისეირნონ, გაივარჯიშონ. თუმცა, ამ პროცესს სპეციალისტის ხელმძღვანელობა სჭირდება” – განაცხადა მაღრაძემ.