შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება.

„ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. შესაბამისად, ტვირთებსა და იმ ობიექტებს, რომლებიც რკინიგზის სარგებლობაშია, მაღალი ეფექტურობით დაცვა სჭირდება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაცვა განახორციელოს არა კერძო დაცვის კომპანიებმა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და იმ ინფრასტრუქტურის დაცვა, რაც რკინიგზას ეკუთვნის.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მოქმედ ჩანაწერში მითითებულია, რომ ამ ფუნქციას სატრანსპორტო პოლიცია ახორციელებს. სატრანსპორტო პოლიცია აღარ არსებობს. შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ეს საკითხი კანონის დონეზე დარეგულირდეს და აღნიშნული უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭოს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.