წლებია, რაც პროექტი „ნიკო“ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საქართველოს ქალაქების ურბანულ სივრცეებს შთამაგონებელი, ისტორიული და ემოციური ნახატებით აფერადებს. ენთუზიაზმითა და მხატვრობის სიყვარულით გაერთიანებულმა არტისტებმა, “ნიკოს” ფარგლებში უკვე შექმნეს 200-ზე მეტი ნამუშევარი, გააცოცხლეს არაერთი მითოლოგიური, თუ ისტორიული გმირი და დაგვიტოვეს შთამაგონებელი ილუსტრაცია.
თავდაპირველად, საცდელი ფესტივალის ფარგლებში, კედლები თბილისის უბნებში მოიხატა. დადებითმა შეფასებებმა და საზოგადოების დიდმა ინტერესმა ავტორებს უბიძგა ქალაქებშიც გავრცელება, საბოლოოდ კი „ნიკოს“ სახელი საქართველოს გასცდა.
„ნიკოს“ იდეის ავტორებმა დასაწყისში მეგობარი მხატვრები შემოიკრიბეს, თუმცა წარმატების მიღწევასთან ერთად მალევე ახალი არტისტების აღმოჩენისა და მხარდაჭერის სურვილიც გაუჩნდათ.
პროექტის თანადამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი, ჩვენთან საუბარში იხსენებს:
„როდესაც ამ ყველაფერს შევეჭიდეთ, იმ დროს მხოლოდ 3-4 თვითნასწავლი არტისტი მუშაობდა. რეალურად, არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს შანსს მისცემდა დიდ, მასშტაბურ პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა ან საკუთარი ესკიზები რეალურ სივრცეში გაეცოცხლებინათ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი შემდეგი იყო: ერთი მხრივ, გაგვეზარდა არსებული არტისტებისა და ნიკოს ცნობადობა, ხოლო მეორე მხრივ, აღმოგვეჩინა ახალი სახეები”.
და სწორედ ასე დაიბადა „ნიკო მაღლივი“. ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “მაღლივი კორპუსის” ბიბლიოთეკის კედლებზე ეწყობა. იდეის მხარდამჭერი კი აქაც, “ნიკოს” დიდი ხნის მთავარი პარტნიორი, საქართველოს ბანკია.
სახელწოდება „მაღლივი“ მხოლოდ ლოკაციის აღწერა არ გეგონოთ, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქუჩის ხელოვნებაში დამკვიდრებული ტერმინი “going up“ არტისტის შემოქმედებით გზას ასახავს. კერძოდ, ეს არის გზა დამწყებიდან პროფესიონალობამდე და უცნობობიდან აღიარებამდე. სწორედ ამ ორმაგი მნიშვნელობის თანხვედრამ აქცია „ნიკო მაღლივი“ შესაფერისს სახელად იმ პლატფორმისთვის, რომელიც ახალბედა არტისტებს შესაძლებლობას აძლევს, თავი დიდ მხატვრობაში გამოსცადონ.
სანამ მხატვრები მაღლივის მოხატვას შეუდგებიან, ყველაფერი ესკიზითა და ღია კონკურსით იწყება, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, გაქვს თუ არა გამოცდილება, “ნიკო” ყველას აძლევს შანსს. თემატიკის მხრივ, არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც სტილისტური. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ესკიზი არ შეიცავდეს სიძულვილის ენას, დისკრიმინაციულ მესიჯს ან ძალადობრივ სიმბოლიკას. მთავარია, იდეა იყოს გულწრფელი, სრულად იყოს ათვისებული სამუშაო სივრცე და გამოხატავდეს არტისტის ხასიათს.
შემოსული ესკიზებიდან ჟიური 15 კედლისთვის 15 საუკეთესო ნამუშევარს ირჩევს. ამ კედლებზე არ ხატავენ მხოლოდ იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. აქ იბადება აზრები, კითხვები, პროტესტი და ემოცია.
სწორედ ამიტომ, სანდრომ და მისმა გუნდმა პროექტს „სავარჯიშო სივრცე“ შეარქვეს. ვინაიდან, ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის ხმაურის ფონზე, თამამად შეგიძლია სცადო ახალი იდეები, იყო თავისუფალი და გადააქციო შენი ესკიზი მასშტაბურ ილუსტრაციად. და რაც მთავარია, რაც არ უნდა დაგჭირდეს, საღებავებიიდან დაწყებული ტექნიკურ უზრუნველყოფამდე, ჩანაფიქრის სისრულემდე მიყვანისთვის ყველაფერი ადგილზეა.
„დამწყები არტისტებისთვის, მაღლივის ბიბლიოთეკა, ერთგვარი სავარჯიშო სივრცეა. თსუ-ს ჩართულობითა და მხარდაჭერით, საშუალება გვეძლევა ძველი ნახატები ახლით ჩავანაცვლოთ. აქ ისინი სწავლობენ, ვითარდებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობენ. არტისტები არიან სრულად თავისუფალნი, მათ მიზნებსა და შემოქმედებას არავინ აქცევს ჩარჩოებში. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესში ჩართულია მთელი გუნდი, მოქმედი არტისტები ცდილობენ ახალბედებს დაეხმარონ, უზიარებენ ხრიკებსა და ტექნიკას, ეხმარებიან და ამხნევებენ“,- ამბობს სანდრო.
ფაქტია „ნიკოს“ ხედვამ და მონდომებამ გაამართლა. 18 მოქმედი არტისტიდან 11 სწორედ, “ნიკო მაღლივის“ ფარგლებში აღმოაჩინეს. რაც ყველაზე მთავარია, გუნდი არც ახლა აპირებს გაჩერებას და საქართველოს ბანკთან ერთად განაგრძობს ახალი მწვერვალების დაპყრობას. აქვე გეტყვით, რომ ფესტივალის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი (750 კვ.მ ტერიტორია) ახალგაზრდა ქუჩის არტისტების ნამუშევრებით მოიხატება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს.
ფესტივალის ისტორიაში პირველად, წლევანდელი მონაწილეები სპეციალურ სასწავლო მოდულს გაივლიან. ახალბედა არტისტებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება, ხოლო მენტორობას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, ცნობილი არტისტი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს.
ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:
• მასალებთან მუშაობის ტექნიკას;
• კომპოზიციისა და სიმეტრიის პრინციპებს;
• მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობის სპეციფიკას.
იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ფესტივალის მიმდინარეობა - ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ, თვალი ადევნეთ ნიკოს ოფიციალურ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე.













