ნიდერლანდებში, მაასტრიხტში, ყოველწლიური ქაღალდის ფულის გამოფენაზე MIF 2024 პირველი ქართული საკოლექციო 8000 ევროიანი ბანკნოტი წარადგინეს.ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტის ლიმიტირებული გამოცემა 5000 ცალია, შეიმუშავა და დააფინანსა კომპანია TRESURIUM-მა და შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით.
საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია -
სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი„ევრო 8000“.
"MIF 2024-ის გამოფენაზე, საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის ტურისტული პროდუქტებისა და ქართული ღვინის წარმოების მრავალათასწლიანი ტრადიციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართეს, მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ გამართა პრეზენტაცია „საქართველო, უნიკალური სამოგზაურო დანიშნულების ადგილი“.
დამსწრეები დაინტერესდნენ საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების ვიზიტების სტატისტიკით, სათავგადასავლო ტურიზმის შეთავაზებებით და განსაკუთრებით ზამთრის კურორტების პოტენციალით. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია.
პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტის წარდგენის ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი,"-ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.