„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.
როგორც მან საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე გამოსვლისას აღნიშნა, კორპორაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკის სექტორში. ამასთან, ირაკლი გაბრიაძის თქმით, კორპორაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა.
„მიზანი გვაქვს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე 2.5-ჯერ გაიზარდოს და მსხვილი სტრატეგიული, სტრატეგიული ობიექტები აშენდეს. სხვადასხვა მიმართულებით ვგეგმავთ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამებით 16 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას წავახალისებთ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტებით 7 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.
ამასთან, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დაგეგმილია 2000 ექსპორტიორის მხარდაჭერა, რაც, მისი შეფასებით, ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან დღეის მდგომარეობით ბაზარზე სულ 2500 ექსპორტიორია.
„მხარს დავუჭერთ ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით 16 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას და 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება კერძო საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობა, ისეთი აქტივების, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯამურად აღნიშნული წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.













